თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როსარია პულისისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
კომიტეტის თავმჯდომარემ მას ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„მინდა აღვნიშნო ქალბატონი როსარიას წვლილი ნატოსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გაღრმავებაში. ასევე, ხაზგასმას იმსახურებს მჭიდრო თანამშომლობა, რომელიც კომიტეტს სამეკავშირეო ოფისთან ჩამოუყალიბდა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და იმ პროგრესზე, რაც ჩვენს ქვეყანას ალიანსში ინტეგრაციის გზაზე აქვს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ალიანსის მხრიდან 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდა.