„საქართველოში დღეს არსებული „ფაიზერის“ დოზები არ არის ვადაგასული და მათ არც ვადა გაგრძელებია“, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად ვარგისიანია ქვეყანაში დღეს არსებული „ფაიზერის“ ვაქცინები, რადგან გავრცელებულია მოსაზრება, რომ დარჩენილი მარაგები უკვე ვადაგასულია.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინები, რომელიც დღეს საქართველოშია არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.
„უბრალოდ, ჯანმო-მ და თავად მწარმოებელმა „ფაიზერმა“ დაადგინეს „ფაიზერის“ ვაქცინის ვადები, რომელიც გარკვეული პერიოდი ითვლებოდა, რომ იყო 6-თვიანი და შემდეგ დადგინდა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის ვადები არის 9-თვიანი. აქედან გამომდინარე, ეს ვაქცინები არის სრულად ვადიანი. მინდა, აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღის წინ ჩემი მშობლებიც თავიანთი ბუსტერ დოზით აიცრნენ და ეს ვაქცინა, რომელიც დღესდღეობით საქართველოშია, არანაირ საფრთხეს არ შეიცავს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.