სახალხო დამცველის მოადგილე მოსამართლეებს გაყრით ემუქრება
„თუ საქართველოში დემოკრატიულ მმართველობას მომავალი უწერია, ეს ხალხი სასამართლოში უვადოდ არ უნდა დარჩეს და არც დარჩებიან“, - მიიჩნევს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.
ბურჯანაძე უზენაეს სასამართლოში 4 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მოსამართლეების არჩევა ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფით მოხდა.
„ამ და სხვა მოსამართლეების არჩევა მოხდა ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფით - თუ საქართველოში დემოკრატიულ მმართველობას მომავალი უწერია, ეს ხალხი სასამართლოში უვადოდ არ უნდა დარჩეს და არც დარჩებიან“, - წერს გიორგი ბურჯანაძე ფეისბუქ-გვერდზე.
კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოს მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. მოსამართლის შეუცვლელობა გარანტირებულია ორგანული კანონით. სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.