logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: ბიზნეს-სექტორის მაღალი ტემპებით ზრდა მიღწეულია ქვეყანაში სამეწარმეო და ბიზნეს-გარემოს თანმიმდევრული გაუმჯობესებითა და ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით
- +

3 დეკემბერი. 2021. 15:01

 

„საქართველოს ეკონომიკის ზრდა განპირობებულია, ძირითადად, კერძო სექტორის, ბიზნეს-სექტორის დამაჯერებელი, დინამიური განვითარებით, რომელზეც მოდის ქვეყნის ეროვნული პროდუქტის თითქმის 3/4. 2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 38.5 %, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით - 39.4 % და 40.5 მლრდ. ლარი შეადგინა“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს ბიზნეს სექტორის სტატისტიკას 2021 წლის მესამე კვარტლისთვის.

 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში იოსებ არჩვაძე განაცხადა, რომ ბიზნეს-სექტორის გამოშვება წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით გაიზარდა 29.0 %, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 17.7 %, რეალურ განზომილებაში (ფასების ფაქტორის გამორიცხვით) გასულ წელთან შედარებით ბიზნეს-სექტორის ბრუნვის ზრდამ 23 %, ხოლო ბიზნეს-გამოშვების ზრდამ - თითქმის 15 % შეადგინა. მისი თქმით, წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ყოველთვიურად ბიზნეს-სექტორის ბრუნვა საქართველოს მოსახლეობის ყოველ ერთ სულზე გაანგარიშებით, ათასი ლარით, ხოლო გამოშვება - 300 ლარით მეტი იყო.

 

იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, ბიზნეს-სექტორის ბრუნვა და გამოშვება გაიზარდა ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად ყველა სფეროში. ამასთან, სამუშაო ადგილების რაოდენობამ მოიმატა 5.0%-ით (32.5 ათასით) და 678.0 ათასი შეადგინა. ამჟამად ბიზნეს-სექტორზე მოდის ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა 52.9% - 2.0 პუნქტით მეტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გასულ წელთან შედარებით ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა რიცხოვნობის მატება მთლიანად მიღწეულია ბიზნეს-სექტორში დასაქმების ზრდის ხარჯზე. მისი თქმით, საშუალო ხელფასი ბიზნეს-სექტორში 1455.5 ლარია, რაც ეროვნული მეურნეობის დანარჩენ დარგების მაჩვენებელს დაახლოებით 17%-ით აღემატება.

 

„ბიზნეს-სექტორის წარმატებული განვითარება ადეკვატურად აისახება ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში მისი შეტანილი წვლილის ზრდასა და ადგილობრივი ექსპორტის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიაში. 2021 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივი ექსპორტის თანაფარდობამ ბიზნეს-სექტორის გამოშვებასთან 17.2% შეადგინა, რაც, მიუხედავად ეროვნული ვალუტის რამდენადმე გაუფასურებისა, აღემატებოდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,“ - აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.

 

ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, ბიზნეს-სექტორის აღნიშნული მაღალი ტემპებით ზრდა, მისი როლისა და წონის მატება ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმებულთა მზარდ ანაზღაურებაში მიღწეულია ქვეყანაში სამეწარმეო და ბიზნეს-გარემოს თანმიმდევრული გაუმჯობესებით, ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით, მათ შორის ბიზნესის სფეროში დასაქმებულთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების და ინოვაციების წახალისების მიმართულებით, მთლიანობაში, ბიზნესის მხარდამჭერი, ამ უკანასკნელის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისაკენ მიმართული კომპლექსური და თანმიმდევრული ღონისძიებების გატარებით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner