„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 49 ფაქტი გამოავლინეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 20 ფაქტი გამოვლენილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. თელავის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა 9 სამართალდარღვევა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - 8, ყვარელში - 6, გურჯაანში, სიღნაღსა და ახმეტაში - 2-2 ფაქტი.
მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარისგან დაამზადეს ჯამში დაახლოებით 70 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი და მათი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სამართალდამრღვევი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას არ დაემორჩილა, გაქცევა და მიმალვა სცადა. შესაბამისად, მის მიმართ ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილითაც შედგა.
ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს ჯამში 173 ერთეული წიფლისა და აკაციის ხე-მცენარე და მათგან მიღებული ხე-ტყის (მორი, საყრდენი ბოძი) უკანონო ტრანსპორტირება განახორციელეს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.