logo_geo
eng_logo
კახა ბექაური: ევროპაში სიძულვილის ენის ტირაჟირება მაუწყებლის საშუალებით აკრძალულია და არ აქვს მნიშვნელობა, ამას რესპონდენტი აკეთებს თუ ჟურნალისტი
- +

3 დეკემბერი. 2021. 22:52

 

„ევროპული პრაქტიკა ამბობს, რომ აკრძალულია სიძულვილის ენის ტირაჟირება მაუწყებლის საშუალებით. არ აქვს მნიშვნელობა, ამას რესპონდენტი აკეთებს თუ ჟურნალისტი. ამაზე რეაგირებს სახელმწიფო და ასეთი ქმედება დასჯადია“, - ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა, კახა ბექაურმა განაცხადა.

 

„დღეს ჩვენს კანონმდებლობაში ცილისწამების საკითხი დარეგულირებული არაა. მე არ ვგულისხმობ სამოქალაქო წესით ცილისწამებაზე სასამართლოში ჩივილს, მე ვგულისხმობ მედიის პასუხისმგებლობის ნაწილს. შეიძლება თუ არა, მედიასაშუალებას მოეთხოვოს პასუხი? ჩემი აზრით, არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა, რომ ამ კუთხით ქართული კანონმდებლობა შეიცვალოს. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ასეთი სტანდარტი მოქმედებს: სად გადის ზღვარი დეზინფორმაციასა და სწორად ინფორმირებას შორის? ევროპული პრაქტიკა ამბობს, რომ აკრძალულია სიძულვილის ენის ტირაჟირება მაუწყებლის საშუალებით. არ აქვს მნიშვნელობა, ამას რესპონდენტი აკეთებს თუ ჟურნალისტი. ამაზე რეაგირებს სახელმწიფო და ასეთი ქმედება დასჯადია. ასევე არსებობს მიუკერძოებლობის სტანდარტი, რომელიც ემყარება სამ კომპონენტს: მედიასაშუალებას ეკრძალება ფაქტის დამახინჯება, მოსაზრებისა და ფაქტის ერთმანეთში აღრევა და განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში მედიასაშუალების მიერ მისი გაშუქების ვალდებულება. რომელიმე ამ კომპონენტის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო რეაგირებს და იყენებს სანქციებს. ზუსტად აქ გადის ზღვარი დეზინფორმაციასა და სწორად ინფორმირებას შორის. თუ მედიასაშუალება არ ამახინჯებს ფაქტს, მიჯნავს საკუთარ მოსაზრებას ფაქტისგან და უთმობს ეთერს განსხვავებული აზრის მქონე სუბიექტს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ დეზინფორმაცია მედიასივრცეში ვეღარ გავა. ევროპული პრაქტიკა აჩვენებს, რომ კლასიკურ მედიაში დეზინფორმაციის პრობლემა აღარ დგას. დეზინფორმაციის პრობლემაა ინტერნეტსივრცეში, სოცმედიაში, სადაც კონტენტის მოხმარების განსხვავებული მიდგომებია. თუმცა დასავლურ ცივილიზაციას არ აქვს კითხვის ნიშანი იმაზე, რომ დეზინფორმაცია არც სოცმედიაში უნდა არსებობდეს. ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, როგორ აღმოიფხვრას დეზინფორმაციის პრობლემა სოცმედიაში“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner