ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ციკლიდან: არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი...
ერთხელ, 70-იანი წლებში, როცა ე.წ. "ახალმა სიომ" დაბერა, მწერალთა კავშირში გამართულ შეხვედრაზე თბილისის პოლიტიკური ლიდერი პავლე გილაშვილი მიიწვიეს. იმ პერიოდისთვის, გავლენის მხრივ, ის რეალურად მეორე კაცი იყო რესპუბლიკაში და მწერლებმა იფიქრეს საქვეყნო პრობლემებზე ღირს მასთან დიალოგიო... ამიტომ, "ენად გაიკრიფნენ", ქვა ქვაზე არ დატოვეს და აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ეს დიდი "ბოსი" დამოძღვრეს.
გულწრფელობასა და თავის გამოჩენის სურვილზე არ ვიდავებ, ეს ზოგიერთი მწერლის სინდისზე იყოს, მაგრამ გადაჭარბებული ემოციების პარალელურად, გამოსვლებს რომ კომპეტენცია, სიღრმე აკლდა, ეს აშკარად ჩანდა.
ბოლოს დადგა სტუმრის ჯერიც.
მასპინძლები მოემზადნენ სერიოზული, ღრმა, შინაარსიანი და ხანგრძლივი გამოსვლისთვის, რომელზედაც პრეტენზიას მაშინ აცხადებდა მოსკოვიდან პირდაპირ დანიჩნული მაღალჩინოსანი. გავიდა ტრიბუნაზე ბატონი პავლე. მოავლო დარბაზს თვალი. ჩაახველა და...
-ამხანაგო მწერლებო, რაც მეტს ილაპარაკებთ, მით მეტ სისულელეს იტყვით. გირჩევთ: აკეთეთ თქვენი საქმე და წერეთო...
ასე მოჭრა, ყოველგვარი დიპლომატიის და ენის მოჩლექის გარეშე, მოკლედ და კონკრეტულად! მეტი არაფერი თქვა, მოიხადა მადლობა ყურადღებისთვის და დაჯდა.
მერე რა მოხდა, აღარ არის საინტერესო. საინტერესო, პირადად ჩემთვის ის არის, რომ ქვემოთ გამოქვეყნებული ინტერვიუ რომ წავიკითხე, მერე სხვაც, რატომღაც (!) და უმალ (!), პავლე გილაშვილის ეს გამოსვლა გამხსენდა და ამოტივტივდა ფრაზა, რომელიც მაშინაც და ახლაც ადამიანურ ენაზე ჟღერს ასე: "ყბედობას" მორჩით, თქვენ საქმეს მიხედეთ!.. ჩემი გაგება და ციტირება,შეიძლება არადიპლომატურია, ეგებ, მთლად კორექტულიც არ არის. სამაგიეროდ, ზუსტია და ბრძნული!
ანუ,
მეპურემ პური უნდა გამოაცხოს!
ხარაზმა შეკეროს!
ფეხბურთელმა ითამაშოს ან ბავშვები გაწვრთნას!
მომღერალმა იმღეროს!..
სანტექნიკოსმა კანალიზაციას მიხედოს!
და როცა მომღერალი პოლიტიკაში ერევა, სანტექნიკოსი მეცნიერებას განაგებს, ცნობილი მექრთამეები კორუფციას ებრძვიან და "ბოზები" მორალის კითხვას იწყებენ, აი იქ უკვე...
"დანიის სამეფო" ამყრალებას იწყებს. თუ დაწყებული არ აქვს.
სხვათაშორის, ეს წინასაარჩევნო კამპანიასაც ეხება და დეპუტატობის კანდიდატების სიებსაც. და თავად ამ კანდიდატების საჯარო გამოსვლებს, მათ შეფასებებს და დაპირებებს...
და კიდევ...
არასოდეს უნაგირს არ დაიდგამს ის მერანი, რომელსაც მუდმივად ახსოვს ის, თუ ვისი გორისა არის, აფასებს და მადლიერია მისი, ვისი ხელშეწყობით, მფარველობით, ზრუნვით ამხედრდა იმ თეთრ რაშზე, რომლითაც მიაღწია მწვერვალებს...
ეს ზოგადი შეძახილია, კონკრეტულად კი ნათქვამია იმათ გასაგონად, ვინც ნამეტნავად, უფრო სწორად, ამაზრზენად აქტიურობს, ეკრანიდან არ ჩამოდის, მოგვიწოდებს, გვმოძღვრავს, ჭკუას გვასწავლის, გვსაყვედურობს, გვამადლის...
ერთი კანდიდატი განსაკუთრებით. ხაზგასმული მონდომებით და "პიარ"-ტექნოლოგიებით "შეფუთული", თავადაც შესაბამისად იქცევა, არადა, ჩვეულებრივი თუთიყუშია, გატლეკილი, "მომართული თოჯინა", დაზეპირებული ტერმინოლოგიით, უაზრო გამომეტყველებით... მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული ერთი (მაგრამ, პრაქტიკულად, გადამწყვეტი) შტრიხი ჩემთვის დეტალებშია ცნობილი.
...ერთ ძალიან კომპეტენტურ, ავტორიტეტულ ჩინოსანს მაშინდელი პირველი პირის გადაწყვეტილება თანამდებობიდან მისი მოულოდნელი და უმიზეზო "გადაყენების" შესახებ, მაღალი რანგის უცხოელ სტუმართან წინანდალში გამართულ ვახშამზე თბილისიდან ტელეფონის ზარით შეატყობინ ზურაბ ჟვანიამ. აი ეგ ტიპი, ანუ მოულოდნელად "უმუშევრად" დატოვებული მაღალჩინოსანის "მარჯვენა ხელი" ამ სიტუაციას შეესწრო. არ დაიბნა მთავარ "მომხსნელს" უმალ შესთავაზა თავისი სამსახური: თუ ამ ჩემ გამზრდელ "ბოსზე" კომპრომატები დაგჭირდებათ, აგერ ვარ, მოგამარაგებთო.
ეს ისტორია მაშინვე გახდა ჩემთვის ცნობილი ამ საუბრის უშუალო მოწმე-მონაწილისგან. სხვათაშორის, ისინი ახლაც ერთად არიან, ოღონდ, სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა - ეს "დოქსოპულო" ახლა მისი "ბოსია" და ორივე ერთმანეთს კარგად უგებს-ღირებულებების სრული დამთხვევა აქვთ.
ამ მაშინდელ "რიგით" ჩამშვებს ინიციატივა არ დაუკარგეს, დაუფასეს. კარიერა გაიკეთა. თავისი "დამკვალიანებლის" სკამიც მოირგო, უფრო მაღლაც ავიდა. ისტორიაში შევიდა, როგორც ტანკებთან და თვითმფრინავებთან დანა-ჩანგლის საომარ იარაღად გამოყენების "თეორიის" ავტორი...
ანდა, მეორე კანდიდატი ავიღოთ. აი ის, სუფრაზე მოხსნილი მაღალჩინოსანის ადგილზე მაშინ რომ გაამწესეს. ამბიციურმა ტიპმა ძალიან მოკლე დროში დაანგრია წლების მანძილზე რუდუნებით შექმნილი სისტემა, სამსახურიდან გაყარა ყველა ნორმალური, პრაქტიკულად ქჩიდან მოიყვანა, დააწინაურა და დაიახლოვა სრულიად გამოუცდელი. უბიოგრაფო, თითქმის არაფრით გამორჩეული ტიპაჟი და, საბოლოოდ, თავისი ყიამყრალობით მიაღწია იმას, რომ სკანდალით გააძევეს პოსტიდან. მიტინგებიც მოაწყო, რომლებზედაც გიჟადაც ნათლავდა თავის "გამქაჩავს", ადრე გმირად და გენიოსად რომ ასაღებდა. ახლა პოლიტიკურ არენაზე ისევ დაბრუნებას ლამობს იმის ძაგებით, რაც აღზევების ჟამს ქებით ცაში აჰყავდა. და რა თქმა უნდა, მოურიდებლად ეპირფერება "დღევანდელებს"... ნეტავ, დაკვირვებით წაგაკითხათ, რას მიედებ-მოედება, რას ბჟუტურობს ეს ევროპაში გაზრდა-განათლება მიღებული და იქაურ კულტურას ვითომ-დაწაფებული... ჭორიკანა ქაჯი (ტერმინოლოგიის სავტორო უფლება მას ეკუთვნის).
იკითხავთ, ალბათ: რაა აქვთო საერთო ამ ისტორიებს
ერთმანეთთან?
გიპასუხებთ: სამივეს აერთიანებთ ბატონი პავლე გილშვილის "სიბრძნის" უგულვებელყოფა.
ამიტომაც შევახსენებ: რაც მეტს ილაპარაკებთ, მით მეტ სისულელეს წამოროშავთ, ბატონებო და ქალბატონებო!
ტაში, კუკური!