ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ე.წ.მწვანე ბარათის ამოქმედებას არ ემხრობა.
როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის“ არმქონე პირების მგზავრობის აკრძალვა საზოგადოებისთვის მტკივნეული იქნება.
„მწვანე პასპორტის“ არეალი რომ გაფართოვდეს, ეს კარგია, ეს ინფექციის გავრცელებას და სიკვდილობას შეამცირებს, მაგრამ რიგში დგას ტრანსპორტი, სადაც ყველაზე მეტი ალბათობაა დასნებოვნების. თუმცა, ერთია კარგი სურვილები და მეორეა, ამის აღსრულების შესაძლებლობა. ძნელია, ტრანსპორტში ყველგან წარადგინო „მწვანე პასპორტი“, მოხდეს კონტროლი, ტრანსპორტი ხშირად გადატვირთულია, რიგები დგას და ტრანსპორტში არშეშვება „მწვანე პასპორტის“ არმქონე ადამიანების, გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის, ვიდრე რესტორანში ან საკონცერტო დარბაზში არშეშვება. ურესტორნოდ ბოლოს და ბოლოს მოითმენს, მაგრამ ტრანსპორტის გარეშე სამსახურში როგორ უნდა იაროს? ამიტომ ჯერჯერობით, ტრანსპორტში ამის შემოღებას არ ვემხრობი“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპის გაზრდას, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის.
„ცოტათი, რომ გაიზარდა ტემპი, ამას მივესალმები, ამისთვის ბევრი რამე გაკეთდა - წახალისება 60 წელზე გადაცილებული ადამიანების 200 ლარით, „მწვანე პასპორტი“ და ბევრი სხვა, მაგრამ ეს გაზრდა არის მიზერი, 4 000-დან 11 000-მდე აცრა კარგია, მაგრამ ეს ვერ შეიტანს გარდატეხას პანდემიაში, დღეში 40 000 ვაქცინაცია გვჭირდება, რომ მკვეთრი გარდატეხა შევიტანოთ სიკვდილობაში და რაოდენობაში“, - განაცხადა ცერცვაძემ.