logo_geo
eng_logo
CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად მიმდინარე კვირას 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია
- +

5 დეკემბერი. 2021. 00:34

 

 

CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად მიმდინარე კვირას 4 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ორი უცხოეთის მოქალაქე იყო, ერთი კი მცირეწლოვანი.

 

„CO-ს გაჟონვით, მიმდინარე კვირას უცხოეთის 2 მოქალაქე, ასევე მცირეწლოვანი და დედა გარდაიცვალა. არ ყოფილა აფეთქება ან მასშტაბური შემთხვევა, არამედ, მოხდა გაჟონვა, რაც იმას გულისხმობს, რომ შიდა ქსელზე დარღვევები არსებობდა. ფართში განთავსებული იყო სასიკვდილო შედეგის მქონე დანადგარი. ქსელი იმ დონეზე იყო მოწყობილი, რომ გარდაუვალი იქნებოდა ასეთი შედეგის დადგომა. მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უნდა მოვუწოდოთ“, - აღნიშნავს ვარდიაშვილი.

 

როგორც ენერგოომბუდსმენი განმარტავს, CO ყველაზე საშიში ნივთიერებაა და ადამიანს წამებში კლავს.

 

CO კლავს წამებში! ჩვენმა მომხმარებელმა ეს უნდა გაითავისოს. პირველი რეკომენდაციაა, ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელსაც მომსახურე ორგანო გვაწვდის. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რომ შესაძლოა, გაჟონვა იყოს, ფართობს ვანიავებთ და საცხოვრებელ ფართს ვტოვებთ. საავარიო სამსახურში ვრეკავთ და ვატყობინებთ, რომ მოვიდნენ. არ ვანთებთ ელექტროენერგიას, არ მივმართავთ თვითდახმარებას, არ ვეხებით მრიცხველებს. ვიძახებთ სპეციალისტებს. აუცილებელია ყოველ სეზონზე შემოწმდეს შიდა ქსელი შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან “, - აღნიშნავს ვარდიაშვილი.

 

როგორც ის განმარტავს, სახიფათო ზონებს მიეკუთვნება კერძო ტიპის დასახლებები ნაძალადევისა და სამგორის რაიონებში. ამასთან, სახიფათო ზონაა ნავთლუღის დასახლება, სადაც კუსტარული ქსელებია მოწყობილი.

 

„სარისკო უბნებია კერძო ტიპის დასახლებები ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, ასევე ნავთლუღის დასახლებაც. იმ კერძო დასახლებებში, რომელიც ჩემი თვალით ვნახე, კუსტარული ქსელები იყო, დაყოფილ ოთახებში ღიობებიც არ იყო. ეს გვაძლევს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ სარისკო უბნებია, სახიფათო ზონებია ამ კუთხით. გასათვალისწინებელია, რომ ამ უბნებში კომპანიამ ძალიან კარგად იმუშავა და ბევრი ასეთი სასიკვდილო და საფრთხის მქონე დანადგარები ამოიღო, ასევე ჩაჭრა ქსელი“,- აღნიშნავს ვარდიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner