„რიგის მინისტერიალმა გარკვეულწილად ოპტიმიზმის საფუძველი მომცა ქართული აქტივობის თვალსაზრისით. კერძოდ, ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ წარადგინა პრაქტიკული რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაღრმავდეს ნატოსკენ ჩვენი ინტეგრაციული გზა", - ამის შესახებ ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ეს არის ძალიან არსებითი ასპექტი, რადგან ხშირად, როდესაც ჩვენ ვსაყვედურობთ და არც თუ ისე უსამრთლოდ ნატოს შენელებული მოქმედებებისთვის და გარკვეულწილად, იმ ფორმალური პროცედურების არაადეკვატურობაში, ჩვენკენ მომავალ გზაზე, ჩვენ ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ხშირ შემთხვევაში, ძალიან ზედმეტი დელეგირება ჩვენს ბედ-იღბალსა და აწმყოზე არ გვიღირს და არ იქნება სწორი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს რეკომენდაციათა პაკეტი ძალიან სწორი და საჭირო ნაბიჯია“, - განაცხადა ვიქტორ ყოფიანმა.
მისივე თქმით, ის მიიჩნევს, რომ მადრიდის სამიტზე საქართველოს ნატოს სრულფასოვანი წევრობის მოლოდინი არარეალისტურია.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური გაწევრიანების გეგმა - ეს არის ნატოს წევრობისკენ გზაზე მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით ჩარჩენის პერსპექტივა. მე ვფიქრობ, რომ ის შეფასება, რაც მიეცა ბრიუსელის სამიტს, როდესაც იქ დაფიქსირდა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება ე.წ. მაპის ან ინდივიდუალური წევრობის გზით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ მადრიდის სამიტზე ეს დათქმა იქნება ამოსაღები, რადგან თვითონ ეს გეგმა არაადეკვატური და დროში განუსზღვრელია. რაც მთავარია, გაუგებარია რა სტანდარტებსა და კრიტერიუმებს გულისხმობს ეს გეგმა, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ნატოში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ყიფიანმა.