ოკუპირებული ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში 65 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და რეანიმაციაში 6 ადამიანია მოთავსებული, ინფორმაციას "რესი" ავრცელებს. ოკუპირებულ ცხინვალში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კოვიდით თითქმის 10 ათასი ადამიანი დაავადდა. ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაიცვალა 179 ადამიანი. 20 დეკემბრამდე ოკუპირებულ რეგიონში აკრძალულია ქორწილები, მასობრივი საზეიმო და რელიგიური ღონისძიებები, ასევე, კულტურული, სპორტული, გასართობი ღონისძიებები. "რესის" ინფორმაციით, შეზღუდულია გასვენებების დამსწრეების რაოდენობა. დახურულ შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დეზინფექციას ატარებენ. ოკუპირებულ ცხინვალში იმუნიზაცია რუსული ვაქცინებით მიმდინარეობს.