„აზრთა ყველაზე მეტი სხვადასხვაობა გადატანილი დაავადების სტატუსმა გამოიწვია. ევროპის ქვეყნებში, პირობითად, ესეც ექსპერტებთანაა შეთანხმებული, კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილებაა - აღებულია 6 თვე, რომელიც საკმარის გარანტად მიიჩნევა, რომ ადამიანი ამ პერიოდში არ დაინფიცირდება, ინფექციის გავრცელების საფრთხეს არ წარმოადგენს და ინფექციის მატარებელი არ იქნება. ამდენად, ეს 6 თვე არის პირობითი ვადა, რომელზეც ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ შემთხვევაში, როცა პოტენციურ სარგებელზე ვიმსჯელეთ, ასევე სოციალურ მიმღებლობაზე, ყოველ შემთხვევაში, მწვანე პასპორტის ამოქმედება გადაწყდა, რომ ნუ დავაკონკრეტებთ ვადას. ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორისთვის, რაც უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება ინფექციის კონტროლის კუთხით, მით მეტ შედეგს ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ გადატანილი დაავადების სტატუსი აბსოლუტურად გამორიცხავს ეფექტიანობას მწვანე საშვის ნაწილში, თუნდაც, ვადა დაზუსტებული არ იყოს. ამდენად, რა თქმა უნდა, ესეც პირობითია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე კონსულტაციებს. ყველაზე მეტი რისკი, რომელიც, შესაძლოა, მწვანე საშვს უკავშირდებოდეს, არის არა ის, რომ, რომელიმე კრიტერიუმი შეიძლება ნაკლებად მკაცრი იყოს, არამედ ის, თუ რამდენად ზუსტად და ზედმიწევნით ამოქმედდება მწვანე საშვის მექანიზმი. თუ ადამიანებმა შემოვლითი გზების ძიება დაიწყეს, რომ ამ რეგულაციას თავი დააღწიონ, შედეგს არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.