logo_geo
eng_logo
„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
- +

5 დეკემბერი. 2021. 15:44

 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

პროექტი სპორტული მოედნისა და მიმდებარე რეკრეაციის განვითარებას ითვალისწინებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარკში შესასვლელ ხიდს, ამფითეატრს - გადაიხურება სცენა და ტრიბუნა. ასევე, რეაბილიტირდება სპორტული მოედანი, საჭიდაო მოედანი და სპორტული დარბაზის გარე ფასადი; მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება განათების სისტემა და საბავშვო ატრაქციონები.

პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან და თიანეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერ ლევან წიკლაურთან ერთად მოინახულა.

 

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს და აფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.

 

პროექტები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

 

4-წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner