საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე უწყების გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
სააგენტო ტელეკომპანიების „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტებს დეზინფორმაციულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებმა ფაქტები განზრახ დაამახინჯეს.
„ეს მიზნად ისახავდა სააგენტოსთვის მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღებაში ბრალის დადებას. ამასთან, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა მიზანმიმართულად და შეგნებულად დაუმალა საზოგადოებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიწოდებული პასუხი, ვინაიდან პასუხის გაშუქების შემთხვევაში ცხადი გახდებოდა, რომ სააგენტომ მიიღო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო ავიაკომპანიის მიერ სააგენტოსადმი წაყენებული პრეტენცია არის უსაფუძვლო და შეცდომაში შეყავს საზოგადოება“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განმარტავს, რომ 2021 წლის 31 აგვისტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსისთვის“ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე, რაც განაპირობა ავიაკომპანიის მესაკუთრე იურიდიულ პირ შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“-ში 40%-ი წილის გასხვისებამ უცხო ქვეყნის მოქალაქე პარტნიორზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის საკუთრებაში მოექცა კომპანიის წილების 89%-ი.
„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები ან/და საქართველოს სახელმწიფო ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი (რომლის დამფუძნებელი/დამფუძნებლები ან/და ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი/მფლობელები არის/არიან საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები), საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს. ამასთან, ამგვარი ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის საკუთრების უფლებით ფლობა უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, მასზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტო ასევე განმარტავს, რომ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან მეორე დღესვე, ავიაკომპანიაში მესაკუთრე იურიდიულ პირში პარტნიორებს შორის კაპიტალში წილები კიდევ ერთხელ გადანაწილდა და ამჯერად 51%-ის მფლობელი გახდა საქართველოს მოქალაქე, მაგრამ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლის შედეგად, სააგენტომ, 1-ელ სექტემბრის წილის გასხვისების ხელშეკრულება მოჩვენებით გარიგებად მიიჩნია.
„გარიგების მონაწილე ორივე პარტნიორი მოქმედებდა შეთანხმებულად და გააჩნდათ საერთო კანონსაწინააღმდეგო მიზანი - ა.წ. 19 აგვისტოს გაფორმებული გარიგებით დამდგარი შედეგის „გამოსწორება“ მისი დაფარვის გზით და ამგვარად ავიაკომპანიის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის შენარჩუნება. ამასთან, სააგენტომ დაადგინა, რომ ავიაკომპანიის მესაკუთრე იურიდიულ პირში, უცხო ქვეყნის მოქალაქე პარტნიორი სარგებლობს წესდებით მინიჭებული უფლებით, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს ავიაკომპანიის მართვაზე (ეფექტური კონტროლი), ხოლო ამავე იურიდიული პირის 51%-ი წილის მფლობელი პარტნიორი მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ავიაკომპანიის მართვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. მეტიც, ავიაკომპანიის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე, სააგენტოსთვის განზრახ მოწოდებულ იქნა მცდარი ინფორმაცია წილის თავდაპირველად უცხო ქვეყნის მოქალაქისადმი გასხვისების მიზეზებისა და გარემოებების შესახებ, რაც აგრეთვე წარმოადგენს კანონდარღვევას და სააგენტოს ავალდებულებს მიიღოს გადაწყვეტილება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქმედი ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობისა და საიმედოობის მონიტორინგს 2017 წლის 1-ლი ივლისიდან ახორციელებს.
„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესი" წარმოადგენს მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო მიმოსვლის სტაბილურობის და საიმედოობის განმტკიცებას, ავიაგადამზიდველების მიერ არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის მუდმივი შეფასების გზით. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, ხდება მუდმივი ზედამხედველობა წესის მოთხოვნების შესრულებაზე, რათა საწარმოს ფინანსური მდგრადობა გარანტირებული იყოს არა მხოლოდ მოწმობის გაცემის დროს, არამედ მისი ფუნქციონირების პროცესში. წესი შემუშავებულია ევროპარლამენტის N1008/2008 რეგულაციის მიხედვით და ზემოთაღნიშნულ მიზნებთან ერთად, მისი დანერგვით, საქართველომ უზრუნველყო „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით" ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის გივი დავითაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, სააგენტო ცალსახად აცხადებს, რომ საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა გულისხმობს საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა სახის პირადი ინტერესის დაპირისპირებას საჯარო დაწესებულების ინტერესთან, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. ბატონი გივი დავითაშვილი სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს 2019 წლიდან და ამავე პერიოდიდან, მისი საკურატორო სფეროს ფარგლებში, ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებიც მუდმივ ზედამხედველობას უწევენ ავიაკომპანიებს საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების მიმართულებით. „მაივეი ეარლაინსი“ ვერ მოიყვანს ვერც ერთ ფაქტს, რომელიც დაადასტურებდა სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის მიერ არაკანონიერი ზეგავლენის მოხდენის ფაქტს ავიაკომპანიის ოპერირებაზე. შესაბამისად, აღნიშნული პირის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ სარგებლობდა გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლებამოსილებით, გამორიცხავს მის მიმართ ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აღნიშნავს, რომ ფრენების და მგზავრთა უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილი და დაცულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„სააგენტო, თავის გადაწყვეტილებებში მოქმედებს კანონის ფარგლებში, მიუკერძოებლობის და ობიექტურობის პრინციპების სრული დაცვით, ნებისმიერ კომპანიასთან მიმართებით, რაც, მათ შორის, უზრუნველყოფს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დაცვას. ამიტომ სააგენტო მოქმედებს რა კანონმდებლობის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით ან შედარებით ნაკლები სიმძიმის სანქციით, ან დაუშვას რაიმე სახის გამონაკლისი რომელიმე ავიაკომპანიის მიმართ. მეტიც, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც საქართველოში ოპერირებად ავიაკომპანიებთან, მათ შორის „მაივეი ეარლაინსთან“, მუდმივად იმყოფება მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში, ადმინისტრაციული წარმოების სამ თვიან პერიოდში, მისცა შესაძლებლობა ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“ წარმოედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია და არგუმენტაცია საკუთარი პოზიციის დასაცავად. ამასთან, გაიმართა ორი ზეპირი მოსმენის სხდომა. სამწუხაროდ, ავიასაწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადასტურდა მის მიერ კანონდარღვევის ფაქტი ეფექტური კონტროლის ნაწილში და აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი დამაჯერებელი არგუმენტაცია“, - ვკითხულოთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.