შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში“, „იმედის დილასთან“ საუბრისას, კლუბ „ხიდის“ დაჯარიმებისა და დალუქვის გადაწყვეტილება განმარტა. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ღამის კლუბების ფუნქციონირება ნებადართული არაა და ამასთან, ობიექტმა რეგულაციების დარღვევით დააანონსა ღონისძიების გამართვა.
„მაღალი რისკიდან გამომდინარე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ღამის კლუბების ფუნქციონირება შეზღუდულია. ეს არაა ქართული ფენომენი, მთელი მსოფლიო ამ რეალობის წინაშე დგას. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში, აქტიურად დავიწყეთ სექტორთან მოლაპარაკება, უსაფრთხოების პროტოკოლის დამატებითი ზომების შემუშავებასთან დაკავშირებით. სექტორის აღდგენასთან ერთად, ეს გულისხმობს მეტ უსაფრთხოებას. სწორედ ამ მოლაპარაკების რეჟიმში ვიყავით ჩვენ. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა ობიექტმა, რეგულაციების დარღვევით, დააანონსა და მოაწყო ღონისძიება, რომელიც, ეპიდემიოლოგიურად, გაუმართლებელი იყო“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.
შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.
4 დეკემბერს ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები.
„ხიდის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ სამართლებრივ დავას დაიწყებენ და გაასაჩივრებენ როგორც ჯარიმას, ისე - დალუქვის საკითხს.