logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტსა და სამინისტროების დაფინანსებაზე ისაუბრა
- +

6 დეკემბერი. 2021. 11:51

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტსა და სამინისტროების დაფინანსებაზე ისაუბრა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, „კოვიდ-19“-ის მართვასთან დაკავშირებით, ბიუჯეტი განსაზღვრულია 500 მილიონი ლარით. ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად გათვალისწინებულია 114 მილიონი ლარი.

 

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებით გამოიყოფა 300 მილიონი ლარი. საერთო, ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21,8 მილიარდი ლარი, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იქნება თითქმის 19,3 მილიარდი ლარი.

 

რაც შეეხება სამინისტროების დაფინანსებას, ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 105 მილიონ ლარს, გაზრდილია დაახლოებით 16 მილიონი ლარით. ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 912 მილიონ ლარს და გაზრდილია 290 მილიონი ლარით. მოგეხსენებათ, რომ აქედან დაახლოებით 300 მილიონი ლარი მიემართება „აწარმოე საქართველოს“ პროექტებისთვის და განვითარებისთვის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 2,8 მილიარდ ლარს და აქედან დაახლოებით 430 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი ბიუჯეტი. იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 310 მილიონ ლარს და გაზრდილია 14 მილიონი ლარით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 176 მილიონი ლარია, თითქმის 6 მილიონ ლარამდე გავზარდეთ. თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს მილიარდ ლარს, გაზრდილია 72 მილიონით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 865 მილიონ ლარია, გაზრდილი გვაქვს 85 მილიონი ლარით. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ ლარზე მეტს. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტი შეადგენს 3 მილიონ ლარს, გაზრდილია დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით. გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 593 მილიონ ლარს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 1,64 მილიონ ლარს, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 357 მილიონ ლარს. ასევე შედარებისთვის გეტყვით, რომ 2022 წლის მთლიანი ვალი შეადგენს 60%-ს მშპ-სთან მიმართებით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეკონომიკა შეადგენდა 58,5 მილიარდ ლარს, ანუ გამოდის, რომ 6,5 მილიარდი ლარით ჩვენ შევძელით მთლიანი შიდა პროდუქტის, მთელი ეკონომიკის გაზრდა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევაა, მით უმეტეს, პანდემიის ფონსა და ამდენი კრიზისების ფონზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner