logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტის პარამეტრებზე აისახა, რაც რეცესიული შოკიდან გამოსვლას ადასტურებს
- +

6 დეკემბერი. 2021. 14:29

 

 

ეკონომიკის ექსპერტის, გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით დასტურდება, რომ ქვეყნის ეკონომიკა პანდემიით გამოწვეულ შოკს გაუმკლავდა.

 

მისი თქმით, მიმდინარე წელს დაფიქსირებულმა უპრეცედენტოდ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მნიშვნელოვანი პარამეტრების რეალური გაუმჯობესება განაპირობა, როგორიცაა მშპ, საგარეო ვალი, ბიუჯეტის დეფიციტი.

 

„მიმდინარე წლის უპრეცედენტოდ მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, აისახა კიდევ საბიუჯეტო პარამეტრებზე, რაც ეკონომიკის გასული წლის რეცესიული შოკიდან გამოსვლასაც ადასტურებს.

 

2022 წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი იზრდება 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით, რაც სარეკორდოა ბოლო წლების თვალსაზრისითაც.

 

ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება აისახა საგარეო ვალის მშპ-სთან თანაფარდობის პროპორციაზეც და ვალის შემცირებასთან ერთად, 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, საგარეო ვალი 60%-დან, 51,1%-მდე შემცირდება. მთლიანობაში კი ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21,8 მილიარდი ლარი.

 

2022 წელს დაგეგმილია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია.

 

საგარეო ვალის შემცირებასთან ერთად, რაც საგარეო მოწყვლადობის შემცირებით, დადებითად აისახება ქვეყნის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებზე, გაზრდის საინვესტიციო მიმზიდველობასაც.

 

პანდემიის შედეგად გაზრდილი საგარეო ვალის შემცირებასთან ერთად, მნიშვნელოვნად თითქმის ორჯერ მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი და 4,2% იქნება“, - აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.

 

ექსპერტი ხაზს უსვამს კაპიტალური ხარჯების მოცულობას და აღნიშნავს, რომ პანდემიის მიუხედავად ამ მიზნით ხარჯები არ მცირდება. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდა, რადგან 2017 წლის შემდეგ ამ მიმართულებით ცვლილება არ ყოფილა.

 

მისივე თქმით, მთავრობა დაპირებისამებრ, განაგრძობს პენსიების მატებას, ამავდროულად შთამბეჭდავია მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ზრდაც.

 

„2022 წლის ბიუჯეტის კიდევ ერთი მახასიათებელი გაზრდილი კაპიტალური ხარჯებია, რომლის სიდიდეც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება და პანდემიის მიუხედავად 5,9 მილიარდი ლარის ოდენობით არის დაგეგმილი, რაც ჯამში მშპ-ის 9,1%-ს შეადგენს.

 

მომავალი წლის გაზრდილი ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, 10%-ის ოდენობით, რაც წლებშიც გაიზრდება და იმითაც არის აღსანიშნავი, რომ საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდა 2017 წლის შემდეგ არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების, პოლიციის და ჯარზე გაზრდილი ხელფასები“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

 

„2022 წლის იანვრიდან იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარამდე, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის კი 300 ლარი იქნება. ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 360 ლარი იქნება პენსია.

 

რაც შეეხება სამინისტროების დაფინანსებას, პრაქტიკულად ყველა სამინისტროს დაფინანსებაა გაზრდილი. 300 მილიონი ლარი იქნება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროექტებისთვის გამოყოფილი.

 

შედარებისთვის, 2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 58,5 მილიარდ ლარს, რაც 2022 წელს მშპ-ის დაახლოებით 6,5 მილიარდი ლარით გაზრდასაც ნიშნავს და მეტად შთამბეჭდავი მიღწევაა პანდემიისა და კრიზისების ფონზე.

 

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კაპიტალური ხარჯების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, გარდა ზრდის ხელშეწყობისა, მთლიანად თავსებადია პრემიერის დაანონსებულ ახალ სოციალური პოლიტიკის სტრატეგიისა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების რეგიონებში გადატანით, ეკონომიკური აქტივობის გააქტიურებას ითვალისწინებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით“, - აცხადებს ექსპერტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner