ევრონესტის ბიურომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის საპარლამენტო ასამბლეის გზავნილი შეიმუშავა და დაამტკიცა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების, მაკა ბოჭორიშვილის და ანდრიუს კუბილიუსის თანათავმჯდომარეობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტის წევრებმა და აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელებმა.
ევრონესტის ბიუროს მიერ მიღებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და დაინტერესებულ პარტნიორების სტრატეგიული მიზანია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების დაჩქარება და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტს წარმოადგენს.
დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა გავრცელდეს იმ პარტნიორებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პირობებს აკმაყოფილებენ.
საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვნად მიიჩნევს „ასოცირებული სამეულისთვის“ ევროკავშირის ქმედითი ინსტრუმენტების გამოყენების საჭიროებას, რაც ამ ქვეყნებს, განსახორციელებელი რეფორმებისთვის მოტივაციის გაზრდაში დაეხმარება.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გზავნილი ეხმაურება რუსეთის ფედერაციის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს სამხედრო ძალები ამ ქვეყნების ტერიტორიებიდან.
დოკუმენტი ხაზს უსვამს , რომ ევროკავშირმა მეტი აქტიურობა და ჩართულობა გამოიჩინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანი, გაძლიერდეს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.
,,მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აუცილებელია ჩამოყალიბდეს უფრო კოორდინირებული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა მოვახდინოთ სათანადო რეაგირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით“, - ნათქვამია განცხადებაში.