„განათლების სამინისტროს აბრალებენ იმას, რაც მას სახელმძღვანელოში არ ჩაუწერია. შეგიძლიათ წაიკითხოთ სიტყვა-სიტყვით და იქ დაწერილის გადათარგმნა ოკუპანტის ენაზე, რომ თითქოს განათლების სამინისტრო და სახელმძღვანელოს ავტორი ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს, არის ცალსახა ტყუილი, რომელიც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ანუ ოკუპანტ ქვეყანას“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს მარტივი დათქმა, რომ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არანაირი ნარატივის გატარება არ შეიძლება.
„როდესაც სახელმძღვანელოში ამოიკითხავ, მაგალითად, ფრაზას, რომ საკუთარ ტერიტორიაზე შეიყვანეს შეიარაღებული ძალები, ამას არ უნდა მისცე იმგვარი ინტერპრეტაცია, როგორიც გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ტელევიზიამ, რომ თითქოს საქართველომ ომი დაიწყო. ეს არ უნდა დააბრალო საკუთარ ქვეყანას და არ უნდა გამოაჩინო ისე, როგორც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ანუ ოკუპანტ სახელმწიფოს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმოების დროს ყველა სიტყვას, ყველა განცხადებას, ყველა ინტერპრეტაციას შესაძლებელია მიეცეს ისეთი სახე, რაც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს რომელიმე ქართულმა მედიასაშუალებამ არ უნდა გააკეთოს. აქედან გამომდინარე შეიძლება მხოლოდ რიტორიკული კითხვა დაისვას - აბა რა უნდა ჩაწერილიყო სახელმძღვანელოში? რაც ეწერა რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა და რაც ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება იყო? რადგან იქ ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები“, - განაცხადა მდინარაძემ.