logo_geo
eng_logo
გენერალურ პროკურატურაში ამერიკელ ექსპერტ დევიდ მარტინთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
- +

6 დეკემბერი. 2021. 16:50

 

 

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ამერიკელ ექსპერტთან, დევიდ მარტინთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა გახსნა. მან ამერიკელი ექსპერტის ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დევიდ მარტინს სამკვირიანი ვიზიტის ფარგლებში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, ამერიკელი ექსპერტის ვიზიტი სხვადასხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სპეციალიზებული პროკურორების საქმიანობის გაუმჯობესებისა და ოჯახური დანაშაულის მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვის აუცილებლობის მიმართულებით.

 

თავის მხრივ დევიდ მარტინმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მადლობა გადაუხადა ვიზიტის ფარგლებში კარგად ორგანიზებული ღონისძიებებისა და ქართველი კოლეგების მხრიდან პრაქტიკული და თეორიული საკითხების გაზიარებისთვის.

 

ამერიკელმა ექსპერტმა პოზიტიურად შეაფასა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის პოლიტიკა, საქმიანობის პრიორიტეტები, განხორციელებული რეფორმები, მიღწეული პროგრესი და დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებები. მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული და ქართული პრაქტიკის კიდევ უფრო დაახლოებისთვის ქმედითი ღონისძიებები დაიგეგმება.

 

დევიდ მარტინი საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა და სამკვირიანი ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა სპეციალიზებულ პროკურორებთან, მოსამართლეებთან, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებთან, ადვოკატებთან, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების საკითხებზე მომუშავე სხვა უწყებებთან. ასევე, ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ოჯახში ძალადობის, სქესობრივი დანაშაულების საკითხებზე სპეციალიზებულ პროკურორებთან. ჩატარდა მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე.

 

ვიზიტის ფარგლებში დევიდ მარტინმა თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები მოინახულა. ასევე შეხვდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და საინტერესო საკითხებზე ინტერაქციული ლექცია ჩაატარა.

 

დევიდ მარტინი ამერიკის შეერთებულ შტატებში (სიეტლში, ვაშინგტონის შტატი) 23 წელზე მეტია ხელმძღვანელობს ოჯახში ძალადობის სპეციალიზებულ დეპარტამენტს. მას აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული საქმიანობის კუთხით. ის ოჯახში ძალადობის შესახებ კანონების და კანონქვემდებარე აქტების ავტორია, ასევე აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში დანერგილი აქვს ინოვაციური რეფორმები და დღემდე აქტიურად ახორციელებს საპროკურორო საქმიანობას სპეციალიზებულ დანაყოფში“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner