„ბიუჯეტით კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 5,9 მლრდ ლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 9,1%-ია, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მაქსიმუმია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან ისაუბრა თუ რა მიმართულებებზე გადანაწილდება მომავალ წელს ბიუჯეტის თანხები.
ლაშა ხუციშვილის თქმით, მომავალი წლისთვის მშპ-ის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება და იგი ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარზე მეტი იქნება.
საუბრისას მან გამოყო რამდენიმე მიმართულება, რომელთაც მომავალ წელს დაფინანსება გაეზარდათ.
„პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის მიმართულება, სადაც მთელი რიგი ახალი პროგრამები ამოქმედდება. გარდა ამისა, სოციალური მიმართულებითაც ჩამონათვალის ფართო სპექტრია წარმოდგენილი, რომლის დაფინანსებაც ასევე გაიზრდება. ეს მოიცავს საპენსიო თანხების ზრდასაც.
ასევე, მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც სოციალურად დაუცვლი ოჯახებში ბავშვების ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს, რომლის დროსაც თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით თანხა გაიცემა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვნად იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც.
„ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 5,9 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 9,1%-ია და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მაქსიმუმია. ამ მიმართულებით ძირითად კომპონენტებს საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება; ასევე, რეგიონული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხები წარმოადგენს“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, დაფინანსება იზრდება განათლების სექტორშიც. კერძოდ, ამ მიზნით 190 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის აღსადგენად დაიხარჯება.
მისივე განმარტებით, მომავალ წელს კოვიდის ეფექტურად მართვისთვის 500 მლნ ლარია გათვალისწინებული.