ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში მთავრობის მიერ 2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს აფასებს. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტის 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმვა, საკმაოდ ამბიციური გეგმაა.
ამავდროულად, კაპიტალური ხარჯების მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, რაც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.
„პანდემიის გამო ბევრი მაკროეკონომიკური პარამეტრი დაზიანდა, მოგვიწია საგარეო ვალების აღება, მოგვიწია ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდა და ა.შ. ანუ ბევრმა მაკროეკონომიკურმა პარამეტრმა განიცადა დეგრადაცია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს.
2022 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება ამ მიზნით. ყველაზე მთავარია ის, რომ ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს გვაქვს ძალიან მაღალი და წლის ბოლოს ალბათ ორნიშნა დაფიქსირდება. მთელი ორიენტაცია უნდა გაკეთდეს სწორედ სწრაფ და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. დაგეგმილია 6%-იანი ზრდა, რაც საკმაოდ პოზიტიურია. ეს იმაზე მაღალი პროგნოზია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ გაკეთებული. ვიტყოდი, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმაა მთავრობის მხრიდან. აქედან გამომდინარე, თუ ასეთი ზრდა დაფიქსირდება, სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები, რა თქმა უნდა, დასტაბილურდება.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების მაღალ მაჩვენებელს, 9.1%-ს, სწორედ ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი. ასეთი მაღალი კაპიტალური ხარჯები ძალიან ცოტა ქვეყანაშია. ეს ადასტურებს, რომ მთავრობის პოლიტიკა და მიდგომები მაღალ ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული. მნიშვნელოვანია, რომ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანდეს“, - აღნიშნა ექსპერტმა.
იგი უაღრესად მნიშვნელოვნად აფასებს პენსიის ინდექსაციის რეფორმას, რომლის მიხედვითაც პენსიონერთა შემწეობა ყოველწლიურად განსაზღვრული ოდენობით, კანონის მიხედვით და არა ცალკეული ჩინოვნიკების შეხედულებებისამებრ გაიზრდება.
„პენსიების ზრდის საკითხი ყოველთვის იყო პოლიტიკური სპეკულირების საგანი. წინასაარჩევნოდ მუდმივად იყო ამაზე საუბარი. მთავრობის მიერ გატარდა სისტემური რეფორმა, როდესაც შემოვიღეთ პენსიების ინდექსაციის საკითხი, აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ხელისუფლებას, როგორც მოქმედს, ისე მომავალს, მოუწევს რომ კანონის შესაბამისად მოხდეს პენსიების გაზრდა. პენსიონერს ექნება განცდა, რომ მისი პენსია ყოველთვის იქნება ინფლაციის ადეკვატური და მნიშვნელოვანია, რომ პენსიები ყოველწლიურად განსაზღვრული ოდენობით გაიზრდება.
წელს არის პირველი წელი, როცა ეს სისტემა პრაქტიკაში ამოქმედდა და ყოველ წელს ხელისუფლებას მოუწევს, რომ საპენსიო ასაკის ადამიანების სოციალური მდგომარეობა იყოს გაუმჯობესებული“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების გამართული, ხარისხიანი მუშაობისთვის მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაც, რაც ასევე გათვალისწინებულია 2022 წლის ბიუჯეტში.
„ეს არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი. ზოგადად, საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა კომპეტენცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების განმაპირობებელი ფაქტორია. ჩვენი პოლიტიკა თუ არ იქნება პროფესიონალი ადამიანების საჯარო სამსახურებში დამაგრებაზე ორიენტირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება ძლიერი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთ-ერთი სტიმული არის ადეკვატური ანაზღაურება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანის ფინანსური მდგომარეობა იყოს კონკურენტუნარიანი კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასებთან“, - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.