ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ რესურსი იმისა, რომ მასშტაბური და პერმანენტული საპროტესტო აქციები გაგრძელდეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია.
„განვლილმა პერიოდმა გვანახა, რომ ნელ-ნელა მცირდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა რიცხვი. როგორც ჩანს, დიდი ლაშქარის შეკრებისთვის არც ერთი და არც მეორე მოტივი არ კმარა. შესაძლოა, უბრალოდ, მხედართმთავრების მიმართ არ აქვს ამ ხალხს, როგორც ჯარისკაცებს, რწმენა და ამიტომ მათ დაძახილზე ნაკლები ხალისით გამოდიან. თუკი გავითვალისწინებთ აქციების ნაკლებ მხარდაჭერას, აქციების ჩატარებას, ალბათ, არ აქვს აზრი, რადგან ეს მხოლოდ იმის ლუსტრაციას მოახდენს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერები იმ რაოდენობის არ ჰყავს, რა რაოდენობაც ჰგონია.
სულ უფრო ვიწროვდება სამომავლო მოქმედების არეალი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. შესაძლოა, დიდი და პერმანენტული აქციები დააანონსონ, მაგრამ ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამისთვის საჭირო რაოდენობა არ ეყოლებათ. გეგმა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს იტყვის ქუჩიდან პროტესტზე და საპარლამენტო ფარგლებში გააპროტესტებს მმართველი ძალის კანონებს ან პოლიტიკურ ინიციატივებს, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ ველოდები“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.