„იქნებ ჯობდა, სკოლაში არ გაგვეშვა ბავშვები, საიდანაც კოვიდი შეგვხვდა?
იქნებ ჯობდა, არ გამეშვა მამა საგურამოში და მისი გადარჩენის მეტი შანსი გვექნებოდა?
იქნებ არსებობდა სხვა გზა?“, - ამის შესახებ ქეთი ხოსიტაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„დედამ გარდაცვლილი მამას საფულეში გადანახული ფული იპოვა და 5 შვილიშვილს თანაბრად გაუნაწილა. უთხრა, მის სახელზე რაიმე ნივთი ეყიდათ, ის რაც პაპას სულ გაახსენებდათ...
ლუკამ მოხუცი კაცის ორი სტატუა შეიძინა, აქედან ერთი დედას უყიდა - ცოცხალ პაპას ვერ ჩაგვინაცვლებს, მაგრამ მის თავს სულ გაგვახსენებსო...
კარგი ბიჭი მეზრდება და მიხარია.
კარგი კაცი იყო მამაჩემიც, ღირსეული...სამყაროს, სამშობლოსა და ოჯახის სიყვარული გვასწავლა.
სულ ვფიქრობ, შეგვეძლო თუ არა მისი დაცვა ვერაგი ვირუსისგან?
იქნებ ჯობდა, სკოლაში არ გაგვეშვა ბავშვები, საიდანაც კოვიდი შეგვხვდა?
იქნებ ჯობდა, არ გამეშვა მამა საგურამოში და მისი გადარჩენის მეტი შანსი გვექნებოდა?
იქნებ არსებობდა სხვა გზა?
ეს და ძალიან ბევრი მტკივნეული კითხვა დავუსვი თავს...
მამას ვერ გადავარჩენდით!
სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრებთ ისეთ გარემოში, სადაც საზოგადოების ნაწილს კორონასგან დაცვის ერთადერთი შესაძლებლობის - ვაქცინის მიმართ მიუღებლობა აქვს, ხშირად მესმის, რომ არ უნდათ "მსოფლიოს აფიორას" ან ვიღაცის "ექსპერიმენტების" მსხვერპლად იქცნენ, რომ არავინ იცის, 10 წლის მერე რა მძიმე შედეგებს გამოიწვევს ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი ნივთიერება...
მე კარგად მახსოვს იგივე, ეს ადამიანები კორონას გამოჩენის პირველ ეტაპზე ვირუსის არსებობას საერთოდაც რომ უარყოფდნენ, ამბობდნენ, რომ ის არ არსებობს... მერე დაიჯერეს და ახლა ქადაგებენ, რომ ვაქცინაა დამღუპველი, არც არაფრის წაკითხვა სურთ და არც განსხვავებულ აზრს ისმენენ...
ასეც რომ იყოს, რაში უღირთ ის ერთი სიცოცხლე, როცა გარშემო ყოველდღე უამრავ საყვარელ ადამიანს ვკარგავთ... სად არის პასუხისმგებლობა სხვის სიცოცხლეზე?
საინტერესოა, თავად რაში ხედავენ გამოსავალს?
ანუ, მოდით, მივუშვათ სიტუაცია, ვაქცინა მაინც არ გვშველის და დავიხოცოთ?
და რომ ვცადოთ და ავიცრათ არა?
ეგებ ჯობდეს გარდაცვალებასა და შესაძლო გადარჩენას შორის გავაკეთოთ არჩევანი? არ გიფიქრიათ?
კარგი, მამაჩემი 76 წლის იყო, ხანდაზმული...22 ორსულია წელს გარდაცვლილი, ყველა არავაქცინირებული... ესეც მოგონილია?
ერთი რაც ვიცი,
მამაჩემი დღეს ცოცხალი იქნებოდა, ბავშვებს სკოლის არავაქცინირებული პედაგოგებისგან ვირუსი რომ არ მოეტანათ სახლში;
მამაჩემი ცოცხალი იქნებოდა, ვიღაცას მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა რომ გამოეჩინა...
მაგრამ, დღეს მამაჩემი აღარ არის ცოცხალი, ისევე როგორც ჩვენი უამრავი ახლობელი, ნათესავი, ოჯახის წევრი...
მამას დღეიდან კარადაზე ჩამოდებული ეს სტატუა ჩამინაცვლებს და ვეღარასოდეს გავიგებ მის ტკბილ სიტყვებს: გენაცვალოს მამა...
ჰოდა, მასწავლეთ გზა, როგორ არ მომკლას ან მომიკლას ჯერ კიდევ გადარჩენილი ახლობლები ვირუსმა, რა რეალური შესაძლებლობა არსებობს ვაქცინის გარდა და აუცილებლად ვიფიქრებ თქვენს ექსპერიმენტშიც მონაწილეობაზეც...
ვიღაც ხომ უნდა გადარჩეს...
როგორ ვიცხოვროთ დანარჩენებმა?
თქვენ ხომ ყველაფერი იცით გუგლში აღმოჩენილი ვიღაც ცნობილი უცხოელი მიკრობიოლოგებისგან...
არ მინდა, სახლში კარადაზე შემოდებული სხვა სტატუაც მქონდეს და მიპასუხეთ, დამარიგეთ მე გაუნათლებელი და ყოვლად უმწეო, როგორ დავიცვა თავი და საყვარელი ადამიანები?
და თუ არაფერი გაქვთ სათქმელი, თუკი კონკრეტული რჩევის მოცემა არ შეგიძლიათ, უბრალოდ გაჩუმდით და დაელოდეთ მომდევნო 10 წელიწადს... ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია, როგორც ჩანს, უკვე გაქვთ და აწი ბედნიერ მომავალს გისურვებთ!“, - წერს ხოსიტაშვილი.