logo_geo
eng_logo
„ეს კაცი მინდა გაგაცნოთ... ადამიანი, რომელსაც საკუთარ ჯიბეში მეტ ფულს, მეტი ღიმილი ურჩევნია - სხვების სახეებზე...“
- +

1 აგვისტო. 2016. 12:18


„ეს კაცი მინდა გაგაცნოთ. აქვე ვიტყვი, რომ არც ჩემი ნათესავია და არც ახლობელი. ერთი, გამორჩეულად ნათელგულიანი ადამიანია. ცოტა რომ შემოგვრჩა - ისეთი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია როსტიაშვილი წერს და ერთ ისტორიას ჰყვება.

 

ჩემი ნოველის სათაურია ,,თბილისი-ჰერეთი". მაგ რეისზე დაჰყავს მგზავრები თამაზს. კახში (საინგილოში) მიჰყავს და მოჰყავს.

 

აგვისტოს ომი რომ დაიწყო, იმ პერიოდს დაემთხვა მგზავრობის გაძვირება. ყველა სხვა მძღოლს რომ 12 ლარს უხდიდა მგზავრი, ამ კაცს, თამაზს, ათად დაჰყავდა ყველა. სანამ ომია, ასე იქნება, იმ ორ-ორ ლარს არავის გადავახდევინებო. სხვა რა შემიძლია, ვის როგორც შეგვიძლია ერთმანეთის თანადგომა, ისე უნდა გამოვხატოთო...

 

ახლაც მისი „მარშრუტკით" წავედ-წამოვედით. წლების ტრადიაციას არც ახლა უღალატა. ორივე გზაზე, ცხელ-ცხელი შოთები იყიდა მგზავრებისთვის და ჩამოარიგა. ბევრი წელია, ტრადიციად აქვს მგზავრების გამასპინძლება. ყავაც კი გვიყიდა ე.წ. ,,წყაროსთან," სადაც შესასვენებლად და მუხლის გასამართად ვჩერდებით ხოლმე. არავინ არ აკეთებს ამას...

 

ამ ადამიანს თავისი საქმე უყვარს. თავისი მგზავრები უყვარს. ასეთი ადამიანები რომ გვყავდეს ყველა სფეროში, როგორი ძლიერები ვიქნებოდით!

 

ტელევიზორიდან და გაზეთებიდან რომ ვიგებთ - ამა და ამ დეპუტატმა გზაზე წაქცეული მოხუცი დაინახა, გადმოვიდა ჯიპიდან და წამოდგომაში დაეხმარაო - კარგია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ასეთი, თამაზისნაირი უჯიპო, ტელევიზიით გაუშუქებელი ადამიანის მხრებზე დგას კაიკაცობა. ცხოვრების წესად რომ აქვთ ადამიანების სიყვარული და გვერდში დგომა და სულ არად დაგიდევენ, რომ წლები ისე გადის, მათ შესახებ საქვეყნოდ არსად საუბრობენ, რომ ადამიანებზე ზრუნვა ,,ძვირი ჯდება..." ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარ ჯიბეში მეტ ფულს, მეტი ღიმილი ურჩევნიათ - სხვების სახეებზე...

 

ამ სტატუსს თამაზი ვერ ნახავს, არც არაფერში სჭირდება. მე მჭირდებოდა, თქვენთვის მეთქვა, თქვენთვის გამეცნო. იცნობდეთ", - წერს ნათია როსტიაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner