ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლების მიმართ სანქციების მეხუთე პაკეტი აამოქმედა. სიაში 17 ფიზიკური და 11 იურიდიული პირი მოხვდა, ავიაკომპანია „ბელავიას“ ჩათვლით. ამ სანქციების შემოღებას დასავლეთის ის ქვეყნებიც დაეთანხმნენ, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან. სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ ბელარუსის სასაზღვრო ჯარების მეთაურები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, ასევე ტურისტული და სასტუმრო სექტორის ხელმძღვანელები. ამას გარდა, მიგრანტების უკანონო ტრანსპორტირების გამო, შეზღუდვები დაუწესდა სირიულ ავიაკომპანია Cham Wings. სანქციები გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ბელარუსის მოქალაქეების და იურიდიული პირების აქტივების გაყინვასაც. ამას გარდა, სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა. სანქციების პაკეტი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში და მთლიანობაში სანქციების ქვეშ ბელარუსის 183 მოქალაქე და 26 ორგანიზაცია მოექცა.
მართალია, 2021 წლის ივნისში, ევროკავშირის მიერ, სანქციების მეოთხე პაკეტის შემოღების შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკო ისე გაბრაზდა, რომ ევროპაში მიგრანტების კრიზისის შექმნა სცადა, თუმცა როგორც დავინახეთ, მალევე უკან დაიხია. მას ათასობით მიგრანტის ბელარუსის ტერიტორიაზე დატოვება და შექმნილი კრიზისის განმუხტვა მოუწია, რადგან პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა ერთობლივი წინააღმდეგობა გაწიეს და ლუკაშენკოს პროვოკაციის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. თანაც, ყველამ იცის, რომ ბელარუსის პრეზიდენტი თავის ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგს „უფროსი ძმის“ რჩევების გათვალისწინებით ადგენს და ცდილობს ვლადიმერ პუტინს მმართველობის სისასტიკეშიც მიბაძოს. ამაზე ის რეპრესიული ნაბიჯებიც მეტყველებს, რომელიც ოფიციალურმა მინსკმა პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით გადადგა.
რამდენიმე დღის წინ ალექსანდრ ლუკაშენკომ „რია ნოვოსტი“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან ყირიმში ერთობლივი ვიზიტის დეტალებზე შეთანხმდა. მისი თქმით, ეს ვიზიტი ფაქტიურად იმის აღიარებაა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია. ლუკაშენკომ არ დააზუსტა, თუ როდის ჩავა ყირიმში, თუმცა აღნიშნა, რომ ამის თაობაზე უკვე სამჯერ ისაუბრეს. ინტერვიუს დროს, მან ისიც დასძინა, რომ „ყირიმი დე-ფაქტო რუსეთისაა“, რითაც ფაქტიურად პუტინის მიმართ აბსოლუტური ლოიალობა დაადასტურა.
ამავე დროს, თუ გავითვალისწინებათ, რამდენად მძაფრად იმოქმედებს ახალი ევროპული სანქციები მისი ქვეყნის ეკონომიკასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე, პუტინის მიმართ ასეთი ლოიალობა ლუკაშენკოს სარგებელს ვერაფრით მოუტანს და მხოლოდ ბელარუსის უფრო დიდ იზოლაციაში მოქცევას გამოიწვევს.
გიორგი ახალაია