logo_geo
eng_logo
ლევან ჟორჟოლიანი ოპოზიციას: როდესაც ისეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბრობთ, როგორიც „ცენტრ-პოინტია“ პასუხისმგებლობა აიღეთ
- +

7 დეკემბერი. 2021. 23:27

 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობის განხილვის დროს, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა თბილისის მთავრობას წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით,  ეს გუნდი არის კომპეტენტური, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ლევან ჟორჟოლიანმა ოპოზიციასაც მიმართა და განაცხადა, რომ თბილისის დაყოფა ამა თუ იმ პარტიის ამომრჩევლებად არასწორია.

„აქვე უნდა შევთანხმდეთ ერთ ძალიან მარტივ რამეზე, მოსახლეობა არ იყოფა ჩემს ამომრჩევლად და  შენს ამომრჩევლად. ეს ქალაქი გაცილებით დიდია ვიდრე შენი ამომრჩეველი და ჩემი ამომრჩეველი. ჩვენ აბსოლუტურად ყველას წინაშე პასუხისმგებელნი ვართ. აქედან გამომდინარე, ასეთი დაყოფა ნამდვილად არ არის გზა იმისკენ, რომ შემდგომში ვითანამშრომლოთ. ავიღოთ პასუხისმგებლობა ერთხელ და სამუდამოდ და  ხალხს დავანახოთ, რომ შეგვიძლია ამ ქალაქზე და ქალაქის მოსახლეობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. თუ ამის უნარი გვაქვს, ესე იგი ვპასუხობთ მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან კორუფციული ფაქტების მაგალითად „ცენტრ-პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების ჩანაცვლების პროგრამის მოყვანაც არასწორია. მან ოპოზიციას მოუწოდა საკუთარ განცხადებებზე პასუხისმგებლობა აიღონ.

„ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ კორუფციული ფაქტების მაგალითად „ცენტრ-პოინტს“, რადგან ჩემი პერსონალური დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხის მიმართ. დღე და ღამეს ვათენებდით მე და ჩემი კოლეგები ამ პრობლემის მოგვარებაში. 6500 ოჯახის დაბინავება, რომელიც თაროზე შემოდებული საქმეები იყო, ვერ მივიღებ, რომ არის კორუფციული გარიგება.

ვერც იმას მივიღებ „კორუფციული გარიგების“ ფაქტად, რომ ვარკეთილის მესამე მასივში, ხალხს „ხრუშჩოვკები“ თავზე რომ ენგრეოდა, მათი ჩანაცვლების პროგრამა, სადაც კონკურსი იყო გამოცხადებული, თურმე არის კორუფციული გარიგება. როდესაც ასეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბრობთ, პასუხისმგებლობა აიღეთ. ასეთი განცხადებებით არა მარტო კახა კალაძეს და მის გუნდს ელაპარაკებით, არამედ „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულ 6500 ადამიანს,  „სვეტის“ დაზარალებულ 2500 და იმ  36 ოჯახს,  ვარკეთილში ბინები რომ უნდა გადაეცეს“,- დასძინა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner