„ბევრი პლუს-მინუსი აქვს 5%-იან ბარიერსაც, ოთხსაც, სამსაც, ერთსაც, ბუნებრივსაც და შესაბამისად, ჩვენ ყველა გარემოება უნდა ავწონ-დავწონოთ, ვიდრე ბარიერის სიმაღლესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„რომ არაფერი მოხდეს და კონსტიტუცია რომ არ შეიცვალოს, 2024 წლიდან ამოქმედდება სრულად პროპორციული სისტემა, 5%-იანი ბარიერით, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. არა მარტო აბსოლუტურად ლეგიტიმური, შეიძლება, საქართველოსთვის 5%-იანი ბევრად უკეთესიც იყოს, ვიდრე 2%-იანი, სამიანი, ოთხიანი და ბუნებრივი. ერთი მთავარი მიზეზი, რაც ბარიერთან დაკავშირებით ნებისმიერ სახელმძღვანელოში წერია, არის ის, რომ 5%-იანი ბარიერის პირობებში, პოლიტიკურ სისტემაში სტაბილურობის ხარისხი უფრო მაღალია. ზოგადად, როცა საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულია და პლუს, მმართველობის სისტემა საპარლამენტოა, ასეთ დროს, ქვეყანა ყველაზე მეტად არის მიდრეკილი არასტაბილურობისკენ. არის პლურალიზმის მაღალი ხარისხი, მაგრამ ამავე დროს, არის რისკები სტაბილურობის კუთხით და ამ რისკებს აბალანსებს ზუსტად 5%-იანი ბარიერი. სწორედ ამის გამოა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც პროპორციული სისტემა მოქმედებს, სწორედ 5%-იანი ბარიერია დადგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 3%-იანზე დაბალი ბარიერი მოქმედებს დანიაში და ნიდერლანდებში.
„მათ ხომ არ აქვთ მიდრეკილება, არც ავტოკრატიისკენ, არც ტირანიისკენ და ა.შ, ხომ?! რატომ არის დადგენილი 90%-ში სამი, ოთხი და ხუთპროცენტიანი ბარიერი?! იმიტომ, რომ ისინი სტაბილურობას უფრთხილდებიან და დამეთანხმებით, საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება სტაბილურობა, ვიდრე თუნდაც, ნიდერლანდებს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ა.შ“, – განაცხადა კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მივიღებთ თუ არა 5%-იანი ბარიერის დატოვების შემთხვევაში ასეთ სურათს, რომ პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ერთად შევა კიდევ ერთი, ან მაქსიმუმ, ორი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“, ვისთანაც თანამშრომლობას „ქართული ოცნება“ არ აპირებს და რამდენად წარმოუდგენია სტაბილური გარემო იმ პარლამენტის პირობებში, სადაც ხელისუფლება მის საპარლამენტო ოპონენტებთან თანამშრომლობას არ აპირებს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აქ მთავარია სტაბილური უმრავლესობის შექმნა და თუ პარლამენტი სამი პარტიით იქნება წარმოდგენილი, მაღალი ალბათობით, უმრავლესობა ექნება „ქართულ ოცნებას“ და ძალიან დაბალი ალბათობით, უმრავლესობა ექნება „ნაცმოძრაობას“ და გახარიას პარტიას.
„შესაბამისად, სტაბილური უმრავლესობა შეიქმნება, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნების“ მიერ და დაბალი ალბათობით, „ნაცმოძრაობის“ და გახარიას მიერ. შესაბამისად, სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას 5%-იანი ბარიერი ხელს შეუწყობს“, – განაცხადა კობახიძემ.