logo_geo
eng_logo
ფანჯიკიძისეული „ რეფორმა“ - უკან გადადგმული ნაბიჯი ქართულ დიპლომატიაში?!
- +

1 აგვისტო. 2016. 12:30


„ქართული ოცნება" მაია ფანჯიკიძის მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებას არჩევნების მერე აპირებს. ყოველ შემთხვევაში, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ეს თემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და 8 ოქტომბრის შემდეგ, დიპლომატთა ერთი ნაწილის დისკრიმინაციას ბოლო მოეღება. კერძოდ, ლაპარაკია საქართველოში მოღვაწე ჩვენი 20-ზე მეტი მეგობარი, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის საპატიო კონსულზე. 2014 წლიდან მოყოლებული, ისინი საკუთარი ღირსებისა და უფლების დაცვას უშედეგოდ ცდილობენ, თუმცა ვიდრე ამ ამბის პრესისტორიას გავიხსენებთ, მანამდე, უმჯობესია, განვმარტოთ, თუ ვინ არიან და რა მისია აქვთ საპატიო კონსულებს:

 

საპატიო კონსული სახელმწიფო სამსახურში არ იმყოფება, მაგრამ წარმგზავნი სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ცალკეულ საკონსულო ფუნქციებს ასრულებს. საპატიო კონსულად შეიძლება, დაინიშნოს როგორც წარმგზავნი, ასევე, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე.


საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ საქართველოს კანონის 96-ე მუხლში ნათქვამია: საქართველოს საპატიო კონსულად შეიძლება დაინიშნოს პირი თუ მას: ) აქვს გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობა და საჭირო პირადი თვისებები იმისთვის, რომ შეასრულოს მასზე დაკისრებული საკონსულო ფუნქციები; ) თავისი საქმიანობით დამსახურება მიუძღვის საქართველოს წინაშე; ) ეს გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან". 


1963 წელს მიღებულ იქნა ვენის კონვენცია, რომლის მე-58 და 67-ე მუხლები, მცირე გამონაკლისების გარდა, საპატიო კონსულებს იმავე პრივილეგიებს და იმუნიტეტს ანიჭებს, რაც სახელმწიფო სამსახურში მყოფ კონსულებს აქვთ. 1963 წლის 24 აპრილს მიღებული ვენის კონვენციითვე, საპატიო კონსულები კარიერულ დიპლომატებთან არიან გათანაბრებულ. აღსანიშნავია, რომ საქართველო ვენის კონვენციას 1993 წელს მიუერთდა.


ყველაფერი ეს მარტივად და გასაგებად იმას ნიშნავს, რომ ამ თუ იმ ქვეყნის საპატიო კონსულად, უმეტესად, ქვეყნის რეზიდენტი ბიზნესმენები ინიშნებიან, რადგან ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობას სწორედ ისინი არეგულირებენ, ანუ ხელს უწყობენ ინვესტიციების მოზიდვას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ საპატიო კონსულები ჯამაგირს არც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებენ და არც - წამგზავნი, ანუ ისინი დიპლომატურ საქმიანობას საკუთარი ხარჯებითა და სახსრებით ახორციელებენ. სანაცვლოდ კი, ისეთი დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობენ, როგორიც, მაგალითად, დიპლომატიური იმუნიტეტია.


ერთი სიტყვით,  საპატიო კონსულების ინსტიტუტს მთელი მსოფლიო აღიარებს და პატივს სცემს, მაგრამ საქართველო ხომ  ყველაფერში, ან თითქმის ყველაფერში გამორჩეული ქვეყანაა, სადაც დიპლომატიაც კი პირად განწყობებზეა აწყობილი. ჰოდა, როგორც ამბობენ, უცხო ქვეყნის ერთ-ერთ საპატიო კონსულთან პირადი დაპირისპირების გამო, მაია ფანჯიკიძემ მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის მთავარ დიპლომატიურ უწყებას ხელმძღვანელობდა, ყველა საერთაშორისო ნორმა, უკაცრავად და, ფეხზე დაიკიდა და, 2014 წლის 20 აგვისტოს, საპატიო კონსულების კუთხით „რეფორმა" გაატარა. შესაბამისად, საქართველოს 20-მდე მეგობარი, მათ შორის, როგორც აღვნიშნეთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნის საპატიო კონსულდიპლომატიური პრივილეგიები  ყოველგვარი  კონსულტაციების და ახსნა-განმარტების გარეშე, ერთპიროვნულად გაუუქმა, რაც თავისთავად, დიპლომატიური სკანდალია, რამეთუ მსგავსი გადაწყვეტილება არასოდეს არც ერთ ქვეყანაში არ მიუღიათ. შესაბამისად, ორი წელია, საქართველოში მოქმედი ყველა საპატიო კონსული პარალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვეღა ამყარებენ კომუნიკაციას სახელმწიფო სტრუქტურებთან, დიპკორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვერ სარგებლობენ დიპლომატიური ფოსტით, საჭიროების შემთხვევაში, თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ეხმარებიან, ვერ იღებენ და ვერ აწვდიან ინფორმაციას და .. ყველაფერი ეს კი, წარმგზავნი სახელმწიფოებისთვის სრულიად გაუგებარია, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დარღვეულია თანაფარდობის პრინციპი - სხვა ქვეყნებში საქართველოს საპატიო კონსულები დიპლომატიური პრივილეგიით ისევ სარგებლობენ და ამის საჩვენებლად ის ფოტოც გამოდგება, რომელიც ჩვენ მოგავწოდეს: ფოტოზე ასახულია ბელგიაში საქართველოს საპატიო კონსული ავტომანქანასთან ერთად, რომელსაც დიპლომატიური ნომრები აქვს. ამასთან, როგორც ჩვენ გვითხრეს, მსგავსი პრივილეგიებით უცხოეთში საქართველოს ბევრი საპატიო კონსული ისევ სარგებლობს. არადა, მაია ფანჯიკიძე ამბობდა, რომ საპატიო კონსულები კარიერულ დიპლომატებთან ვითომ არც ერთ ქვეყანაში არ არიან გათანაბრებულები. 

 

ამ თემაზე მუშაობის დროს, ჩვენ რამდენიმე დიპლომატს ვესაუბრეთ. ისინი ფანჯიკიძის გადაწყვეტილებას ახსნას ვერ უძებნიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ მსგავსი „სულელური ნაბიჯი" 2012 წლის არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილსაც არ გადაუდგამს, როცა ბიძინა ივანიშვილს ებრძოდა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების" ლიდერს სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართავა, თუნდაც იმ მიზნით, რომ ივანიშვილისთვის, რომელიც მაშინ სან-მარინოს საპატიო კონსული იყო, კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინა, შეეძლო, საპატიო კონსულებისთვის უფლება-მოსილება შეეზღუდა, მაგრამ როგორც ჩანს, სააკაშვილი ამ საერთაშორისო სკანდალს მოერიდა. სამაგიეროდ, ამ კუთხით ფანჯიკიძე უფრო „გაბედული" აღმოჩნდა და ის გააკეთა, რაც გააკეთა.

 

დიპლომატიაში გარკვეული ადამიანები თვლიან, რომ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ფანჯიკიძს ეს  გადაწყვეტილება, მინიმუმ, დიპლომატიური უხერხულობის გამოსწორება სამინისტროს არც მას შემდგომში უცდია, რაც ფანჯიკიძემ მინისტრის თანამდებობა დატოვა, რაც შეიძლება,  სამინისტროში დარჩენილი ფანჯიკიძის კადრებით აიხსნას. საქმეში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიც ჩაერია და წერილით საგარეო უწყებას მიმართა, რათა ამ უკანასკნელს განემარტა, თუ რის გამო შეეზღუდათ საპატიო კონსულებს უფლება-მოსილება, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროდან საკანონმდებლო ორგანომ არაფრისმთქმელი პასუხი მიიღო, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თორთლაძემ ფანჯიკიძის გადაწყვეტილების არსი კანონმდებლებს ბუნდოვნად განუმარტა.

 

ამ ყველაფრის მიუხედავად, საპატიო კონსულებმა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საერთაშორისო ასაპრეზზე პრობლემები არ შექმნოდა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის მოლოდინშია, ზედმეტი ხმაური არ ატეხეს და ვითარებაში გარკვევა  წარმომგზავნ სახელმწიფოებს სთხოვეს. არადა, „ფანჯიკიძის რეფორმა" თავისი არსით, როგორც  უცხო ქვეყნის დიპლომატები აღნიშნავენ , გაუგებარია. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, საპატიო კონსულები და მათი წარმგზავნი  ქვეყნები მოვლენების განვითარებას და საკუთარი უფლებების აღდგენას დღემდე მოთმინებით ელოდებიან და ამ თემაზე მხოლოდ დიპლომატიური კომენტარით შემოიფარგლებიან.

 

საპატიო კონსულებმა ეს ვითარება ჩვენს წარმომგზავნ ქვეყნებში იმდენად კიდევ არ გავამწვავეთ, რამდენადაც ფანჯიკიძე იმსახურებდა. ანგარიში გავუწიეთ საქართველოს დიპლომატიურ იმიჯს და მოცდა ვამჯობინეთ. საბედნიეროდ, პერსონალიები სამინისტროში შეცვლილია და დიდი იმედი მაქვს, საპატიო კონსულების მორიგი მიმართვის შემდეგ მაინც, ახალი მინისტრი, რომელიც გამოცდილი დიპლომატია, ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს საპატიო კონსულებთან დაკავშირებით," - აღნიშნა თავის დროზე მედიასთან საუბრის დროს კონსულების ასოციაციების პრეზიდენტმა ელენე ლეჟავამ.


როცა ბატონ მიხეილ ჯანელიძეს   მინისტრად ამტკიცებდნენ, საპარალმენტო უმრავლესობს ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ საჯარო ტრიბუნიდან მიმართა და, მინიმუმ, ფანჯიკიძის პოლიტიკის გადახედვა ურჩია.


ძალიან ხისტი პოლიტიკის შედეგად, რომელიც ჩვენი მთავრობის პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაატარა, მათ (საპატიო კონსულებს), პრაქტიკულად, ყველანაირი შეზღუდვა დაუწესდათ. მსგავსი დამოკიდებულება ჩვენს კომიტეტშიც  აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ჩვენ ამის თაობაზე განხილვებიც გვქონდა. ჩვენი დამოკიდებულებაც გამოვხატეთ, მაგრამ იმდენად ხისტი იყო ეს დამოკიდებულება შესაბამის კომიტეტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომ ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, რომ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო. ამიტომ უკეთესი მომავლის იმედით, არ გავამწვავეთ ეს საკითხი. ამიტომ  მინდა მოგიწოდოთ, დაინტერესდეთ  ამ საკითხით და თუ ჩვენთან კონსულტაციები დაგჭირდებათ, მზად ვიქნებით", - განაცხადა მაშინ ზვიად კვაჭანტირაძემ.



„ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, როგორც თავში აღვნიშნეთ, საპატიო კონსულების პრობლემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და ეს საკითხი არჩევნების შემდეგ გააქტიურდება, ანუ იმედი უნდა გქვონდეს, რომ შემოდგომაზე „ფანჯიკიძის რეფორმა" გამოსწორდება და საპატიო კონსულებს თავანთი უფლება-მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელების საშუალება მიეცემათ.


წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა, რომელიც შემოდგომაზე ვიზა-ლიბერალიაზციას ელოდება, საერთაშორისო დიპლომატიურ სკანდალს, ალბათ, ვერ გადაურჩება, რაც ჩვენს ევროპულ იმიჯზე უარყოფითად აისახება.



დავით აბაშიძე 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner