logo_geo
eng_logo
კახა კალაძე ოპოზიციას: იმედია, ოდესმე მიხვდებით, რამხელა შანსი გაუშვით ხელიდან
- +

8 დეკემბერი. 2021. 16:56

 

 

„მქონდა სურვილი, რომ ქვეყნის სამსახურში, რეალური საქმის კეთებაში ოპოზიციაც ჩართულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ შეუძლიათ“, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ოპოზიციის წარმომადგენლებს.

 

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციის მცდელობების მიუხედავად, თბილისის მერია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მომდევნო ოთხი წელი თბილისის აღმშენებლობის წლები იყოს.

 

„თქვენ შეგიძლიათ, განაგრძოთ დესტრუქცია, ყოველდღე მოიგონოთ ტყუილი, ყველა დაარწმუნოთ, თითქოს ქვეყანა იქცევა, მოაწყობთ რევოლუციას და თქვენს ლიდერ მეგის ქარდავას გაათავისუფლებთ ციხიდან. ეს თქვენი საქმეა, რომლისგანაც გარწმუნებთ არაფერი გამოვა, როგორც არ გამოვიდა გასული რვა წლის განმავლობაში. ჩვენ კი, გავაგრძელებთ საქმის კეთებას, თბილისისა და თბილისელების უკეთესი მომავლის შენებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ოღონდ - თქვენი მონაწილეობის გარეშე. თქვენ კი, ისეთივე ცხვირჩამოშვებულები, იმედგაცრუებულები და ძალაგამოცლილები დარჩებით, როგორიც გასული ოთხი წლის განმავლობაში იყავით. თქვენი მოქმედების ერთადერთი ფორმულა და ალგორითმი არის - რაც უფრო ცუდად იქნება ყველაფერი, მით უკეთესი თქვენთვის. მინდა, გული დაგწყვიტოთ და გითხრათ, არაფერი ცუდად არ იქნება, მომდევნო ოთხი წელი თბილისის აღმშენებლობისა და განვითარების წლები იქნება. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გაუმჯობესდება ვითარება, ყველა დაპირებულ პროექტს განვახორციელებთ და არ მოგცემთ საშუალებას, ჩვენსა და თქვენს შვილებს მომავალი დაუნგრიოთ, ეს უბრალოდ არ მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

საკუთარ ვიდეომიმართვაში დედაქალაქის მერმა თანაგუნდელებს თბილისელებზე ზრუნვასა და საქმეზე ორიენტაციისკენ მოუწოდა.

 

„ჩვენ თბილისის აღმშენებლობის ახალ ისტორიას დავწერთ. ჩემს თანაგუნდელებს მოგიწოდებთ, არცერთი დღე, არცერთი წამი არ დაკარგოთ უსაგნო კამათისთვის, სრულად ორიენტირდით საქმეზე, თბილისისა და თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე. უფრო მეტად მწვანე, უფრო ჯანსაღი, მდიდარი და სიცოცხლით სავსე თბილისი იყოს ჩვენი პასუხი ყველა იმ ცილისწამებაზე, რომელსაც ოპონენტებისგან მოვისმენთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ! ადამიანურად გპირდებით, ისეთ პროექტებს გავაკეთებთ, როგორითაც ყველა იამაყებს და, ოთხი წლის შემდეგ, ერთმანეთის თვალებში ჩახედვის არ შეგვრცხვება. ბოლოს კი გეტყვით, დღეს ყველაზე მეტად რაც გვაკლია, სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა. გვიყვარდეს ერთმანეთი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner