საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევაში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ერთადერთი ამოცანა პარტნიორებთან ერთად, რომ მიაღწიოს 6-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.
მისივე თქმით, ეს არის წინაპირობა კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისთვის.
„რუსეთის სურვილის მიუხედავად, ჟენევაში მხოლოდ ეს საკითხი განიხილება. რუსეთის დელეგაცია ყოველთვის ცდილობს, რომ არამარტო ნატოს თემატიკა, არამედ ნებისმიერ სხვა თემატიკაზე ისაუბროს გარდა 6-პუნქტიანი შეთანხმებისა. რუსეთის დელეგაცია საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხოლმე საკითხს, თუ რამდენად წარმოადგენენ ამ კონფლიქტის მხარეს. რეალურად ეს არის დესტრუქციული მიდგომა. აქ რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას განვიხილავთ და ასე იქნება ამჯერადაც. მეორე ჯგუფია ჰუმანიტარული საკითხებზე შეკრებილი და ეს თემა საკმაოდ მძიმე მოსალაპარაკებელია. მიზეზი აქაც რუსეთია, რადგან ისინი ყოველთვის ცდილობენ ამ საკითხების პოლიტიზებას და პოლიტიკურ საკითხებზე მიბმას. ამ კონტექსტში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია და გადაწყვეტილებები. მნიშვნელოვანია რეზოლუციები, რომლებიც ემსახურება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხოლოდ ამ ჭრილში განხილვას“, - აცხადებს დარსალია.