„დაგეგმილი გვაქვს, 2017 წელს მთლიანად გადავჭრათ შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა გორში, შიდა-ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
"ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ცხოვრების უკეთესი პირობები შევუქმნათ. ჩვენ ძალიან ბევრ ოჯახს უკვე გადავეცით ბინა და დღეს ეს ხალხი საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრობს. დაგეგმილი გვაქვს, 2017 წელს მთლიანად გადავჭრათ შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა.
ჩვენ ყურადღებას და მზრუნველობას არ ვაკლებთ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებს, განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეუმსუბუქებს ცხოვრებას ჩვენს ხალხს, რომლებსაც მორალურადაც და ფიზიკურადაც ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება. მინდა მათ ვუსურვო გამძლეობა და ვუთხრა, რომ ჩვენ, სახელმწიფო, მათ გვერდზე ვართ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საოკუპაციო ზოლთან არსებულ ყველა სოფელში, რომელთა რიცხვი 56-ია, უკვე დასრულდა გაზიფიცირება და დღეისთვის ყველა უზრუნველყოფილია გაზით.
"ასევე ყველა ეს სოფელი გამრიცხველიანებულია. 19 სოფელში მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, 2017 წლის ბოლომდე კი ყველა სოფელს ექნება წყალი. 17 სოფელში ავაშენეთ ამბულატორია. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და ვეხმარებით ამ ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში და ვაფინანსებთ მათ ბაკალავრიატს და სამაგისტრო სწავლის საფასურს. მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ მორალური ტვირთი ამ სოფლების მოსახლეობას", -განაცხადა კვირიკაშვილმა.