logo_geo
eng_logo
საგარეო უწყების სტრატკომი: უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენი უწყების მიმართ ბათუ ქუთელიას ბრალდებები უსაფუძვლოა
- +

8 დეკემბერი. 2021. 22:53

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარტია „დროას” წარმომადგენლის, ბათუ ქუთელიას განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბათუ ქუთელიას ბრალდება საქართველოს ხელისუფლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, თითქოს ისინი არ გამოხატავენ უკრაინის მხარდამჭერ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, უსაფუძვლოა.

 

„სამწუხაროა, რომ ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან კვლავ ხდება მსგავსი თემებით სპეკულაცია, თან ისე, რომ ისინი საფუძვლიანად არ ეცნობიან სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებებსა და ინფორმაციას.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 2021 წლის 2 დეკემბერს, ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, ეუთოს წევრი 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის თანდასწრებით, დაგმო რუსეთის მტრული რიტორიკა სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის მიმართ და ასევე, დაგმო რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო ქმედებების ინტენსიფიცირება. მან გამოხატა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მზარდ მტრულ რიტორიკას და ინტენსიურ სამხედრო მოქმედებებს უკრაინის საზღვართან და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული პროცესი. ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შემთხვევა და კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

ეს გამოსვლა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და ასევე ხელმისაწვდომია ეუთოს ვებგვერდზე. მინისტერიალს კი წინ უძღოდა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მონაწილეობა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, რა დროსაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეეხო უკრაინის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს და ნატოელ პარტნიორებს გაუზიარა საქართველოს ხედვები იმ საფრთხეებთან მიმართებაში, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიმდინარეობს, როგორც უკრაინის, ისე საქართველოს წინააღმდეგ და გაუზიარა ხედვები რეგიონში ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner