„ამერიკაში 45 პრეზიდენტი იყო და არავინ დაუჭერიათო, გაგვანათლა "სტრატეგია აღმაშენებელმა". სახელი კი შეიფერეს.
იქნებ გაიაზროთ ის, რომ ტრამპს, ობამას ან სხვას რომ ეთქვა "ყველანი ციხეში", "გახსენით ცეცხლი", "ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება", შეეკვეთა ვინმეს ცემა, დაუსაბუთებლად შეეძინა სახლები, ბინები, პენტჰაუზები, დაერბია და დაეხურა ტელევიზიები, დაიჭერდნენ კი არა, იქაური შეკრებითობით, ორას წელს მიუსჯიდნენ და საჩვენებელ პროცესსაც მოუწყობდნენ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„უოტერგეიტის მაგალითი რომ მოგყავთ, შეიძლება ვინმემ არ იცის თქვენთან შედარებით რა უწყინარი სკანდალიც იყო. ოპონენტი პარტიის ოფისში მოსასმენი მოწყობილობის დამონტაჟება მოინდომეს და პრეზიდენტი გადაყვა.
თქვენ მთელ ქვეყანას უსმენდით, ფარულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს აკეთებდით. ხვდებით მასშტაბებს?
ციხეებში ნაწამებ ხალხს ახლაც დასცინით, "სადაა 26 ათასი გაუპატიურებული ქართველი ვაჟკაციო?"
მხოლოდ ამ ფრაზების გამო თავს ვერ უნდა ყოფდეთ პოლიტიკაში. თქვენ აქეთ იმუქრებით.
აღარაფერს ვამბობს ომის წინ და ომის დღეებში მასშტაბურ კორუფციაზე და ჯარისკაცების სისხლის ფასად კოლოსალურ უკანონო შემოსავლებზე.
ამას ემატება მმართველობის სრული კრახი როგორც ეკონომიკაში, ადამიანის უფლებების კუთხით თუ ტერიტორიების დაკარგვის მხრივ.
რა მაგალითები მოგყავთ და ვის აბოლებთ? უოტერგეიტის სკანდალი თქვენს დანაშაულებთან წარმოუდგენლად შორს დგას. აბა მოუყევით რაც ჩამოვთვალე ნებისმიერ ამერიკელ მოქალაქეს.
ვერ ხვდებით რატომ არავინ გიჭერთ მხარს? ახერხებთ ქვეყნის რყევას დიდძალი ფინანსების და ტოქსიკური მედიების მეშვეობით. მუქარების ნაცვლად ტონალობა უნდა შეცვალოთ და სამართლებრივ ჭრილში მიხედოთ თქვენს პრობლემებს.
ვისაც პოლიტიკაში დარჩენა გსურთ, დროზე უნდა გაემიჯნოთ ამ ყველაფერს“, - წერს ანალიტიკოსი.