logo_geo
eng_logo
გიორგი გოგოლაშვილი: საუბედუროდ, არც დღეს ულხინს დიდად ქართულ ენას...
- +

9 დეკემბერი. 2021. 02:40

 

 

სად არიან მწერლები, მწერლები სად არიან?

     ამას წინათ მწერალთა სახლში რუსთაველის საზოგადოებამ მოაწყო დისკუსია თემაზე: „სახელმწიფო ენის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში“. მომხსენებელი იყო აკადემიკოსი ავთანდილ არაბული. ვფიქრობდი, სამწერლობო ენის თაობაზე გამართულ დისკუსიაზე (მწერალთა სახლში!) სიმრავლე იქნებოდა მწერლებისა... დისკუსიას სამი მწერალი ესწრებოდა: ნინო ქუთათელაძე, თამაზ ხმალაძე და დავით შემოქმედელი (ღონისძიების ორგანიზატორი)... და მაშინ ამეკვიატა კითხვა – პერიფრაზი ცნობილი ლექსისა: „სად არიან მწერლები, მწერლები სად არიან?“

     ქართულ ენას რომ არც  დღეს ულხინს დიდად, მოსაგვარებელი პრობლემა რომ მრავლადაა, დისკუსიაზეც წარმოჩნდა...

     „სად არიან მწერლები, მწერლები სად არიან?“ რატომ არ იღებენ ხმას, რატომ არიდებენ თავს ამ პრობლემებზე მსჯელობას?..

     არა მგონია, ვინმემ მკითხოს, რა შუაშია მწერალიო, მაგრამ მაინც ჩემი გულისტკივილის განსამარტავად ორ კლასიკოსს მოვიშველიებ: მიხეილ ჯავახიშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას.  თავის დროზე ისინი ედგნენ სათავეში სამწერლობო ენის მოვლა-პატრონობის ეროვნულ საქმეს...

    მოგვიწევს თითქმის საუკუნის წინანდელი გაკვეთილების გამეორება... მოვუსმინოთ კლასიკოსებს...

***

     დიახ, კლასიკოსთა აზრით, ქართული ენის პრობლემების მოგვარებაზე უპირველესად მწერლები უნდა ფიქრობდნენ და ზრუნავდნენო... ამონარიდებს მოვიყვან მათი წერილებიდან; კომენტარები, ვფიქრობთ, საჭირო არ იქნება...

     მიხეილ ჯავახიშვილი წერდა, „უდიდესი ამოცანაა ენის დაწმენდა, და ამ საქმის პირველი მეთაური ქართველი მწერალი უნდა იყვეს, ხოლო ამ უკანასკნელს რომ შეეძლოს სხვათა მხილება, ჯერ თვით უნდა განიკურნოს“...

ანუ: „ქართველი მწერალი განუწყვეტლივ, დღედაღამ უნდა თავს დასტრიალებდეს ქართულ სიტყვას, თორემ უმაგისოდ ვისაც კარგი გამართული ქართული არა აქვს, მითქვამს და ვიმეორებ, გენიოსიც რომ იყოს, მისი გენიალობა განახევრდება“.

     რადგანაც: „უკანასკნელ ხანებში ზოგი მწერლის დაუდევარი დამოკიდებულება ქართულს უკარგავს მუდმივობას, მოქნილობას და გამჭვირვალობას, ამის გამო ჩვენი ენის ბუნების ამღვრევა უდიდეს ხიფათს უქადის ჩვენს მწერლობას, ამიტომ ჩვენი მიმართულება დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს ქართული ენის გადამგვარებელ ძალებს“;

     და, რომ: „უკანასკნელ ხანებში ქართულ მწერლობაში მძლავრად შემოიჭრა ჟარგონი. ყველა ქართველი მწერალი მოვალეა, მკაცრად შეებრძოლოს ამ სამწუხარო მოვლენას.“

     დედაენის სადარაჯოზე მიხეილ ჯავახიშვილის  გვერდით კონსტანტინე გამსახურდია იდგა: „ჩვენ – ქართველმა მწერლებმა ხმალი უნდა ვიშიშვლოთ მშობლიური ენის თავანკარობის დასაცავადო!“ რადგანაც, „მშობლიური ენის სიწმინდისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოისაო!“...

     ქართული ენის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების გზებსაც ხედავდა კონსტანტინე გამსახურდია: მწერლებისა და ენათმეცნიერების შეთანხმებული საქმიანობააო საჭირო; აუცილებელია, „მოვიწვიოთ მწერლებისა და ენათმეცნიერების კონფერენციაო”.

     იდეა ამგვარი კონფერენციის მოწვევისა კ. გამსახურდიამ 1928 წელს გააჟღერა („კომუნისტი“, 1928, 25 მარტი); იქვე ძირითადი პრინციპებიც წარმოადგინა; მოგვიანებით (1929 წელს) საგანგებო წერილიც მიუძღვნა („ქართული მართლწერის კონფერენციისათვის“); მწერლის აზრით, „დიდი დუღილი და ზრდაა ქართულ ენაში; ამ ენერგიულად წინ გაქანებულ ენის სტიქიას ყალიბი უნდაო“... და სწორედ ეს ყალიბი იქნება „მწერლებისა და ენათმეცნიერების კონფერენციაო”.

     იმედი ჰქონდა კოლეგების თანადგომისა... „კონფერენციაზე დიდი ენერგიის გაღება დასჭირდება ქართულ მწერლობასო“...

     პრობლემის სიმწვავეს, როგორც ვთქვით, მ. ჯავახიშვილიც გრძნობს, მაგრამ მოგვარების სხვა გზებს ხედავს და დავობენ, კამათობენ ამის თაობაზე მწერლები. მ. ჯავახიშვილი: „სადავო ბევრი დაგვიგროვდა. ფორმათა სიმრავლემ ანარქია შემოიტანა. დაირღვა საერთო გრამატიკა – დაიშალა მთლიანი ქართულიც და მისი აღდგენისათვის, ზოგის აზრით, საჭიროა მოწვევა ენის მცოდნეთა კონფერენციისა. ჩემი რწმენით კონფერენციის მოწვევა ნაადრევიაო“ და განმარტავს, თუ რატომ: „ქართული ენა დუღს; ეს პროცესი უნდა შენელდეს, საერთო ქართული ბუნებრივად ჩამოყალიბდეს, სადავოს უმეტესი ნაწილი თავისთავად გადაწყდეს და კონფერენციის მოწვევასაც მაშინღა ექნება აზრი და გამართლებაო“...  ბჭობენ, დავობენ, კამათობენ...

     მაგრამ თანხმდებიან, რომ „ქართული მეტყველების ერთნაირი ყალიბის ხუროთმოძღვარი მწერლებისა და ენათმეცნიერების ერთობა უნდა იყოს“; იმაზეც მსჯელობდნენ, რა როლი უნდა შეასრულოს მწერალმა ამ საქმეში და რა – ენათმეცნიერმა; როგორ განაწილდება ფუნქციები მწერლებსა და ენათმეცნიერებს შორის; ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პრიორიტეტი მწერალს ეკუთვნის:

      „ვერც ერთი გონიერი მწერალი ვერ უარყოფს იმ დიდ როლს, რომელსაც ასრულებენ ამა თუ იმ ენის შესწავლის საქმეში ენათმეცნიერები და გრამატიკოსები, მაგრამ არც ერთ ხალხში, არც ერთ საუკუნეში ენათმეცნიერებს არ შეუქმნიათ ენა“.

     და განაგრძობს კ. გამსახურდია: „ჩვენი ენათმეცნიერები ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეჯერდნენ იმ საპატიო როლს, რომელიც მათ მიანიჭა განგებამ. ისინი ენის აგრონომებია და არა ბაღის გამშენებელნი. ენის განვითარებას მწერალი აძლევს გეზს. მწერალი ქმნის ახალსა და ახალ კომპოზიციებს. დიდი მწერალი რეფორმატორია ნაციონალური ენისა. ენათმეცნიერი სწავლობს და ახარისხებს მწერლის მიერ მოპოვებულ მიღწევებს”...

     ასე ფიქრობდნენ ენათმეცნიერებიც... მათ „ბაღის გამშენებლობაზე“ პრეტენზია არასოდეს გამოუთქვამთ... მეტიც, სრულიად გარკვევით, ერთმნიშვნელოვნად გამიჯნავენ მწერლისა და ენათმეცნიერის როლს სალიტერატურო ენის მიმართ. არნოლდ ჩიქობავა წერს: „სალიტერატურო ენას მწერალი ქმნის...“  ხოლო „ენათმეცნიერს სწორი დიაგნოზის დასმა ევალებაო“ და ასე შემდეგ...

     ამ თემაზე საუბრის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება... ფაქტია:

     ეს არ იყო ლოზუნგების დონეზე გაცხადებული იდეები მწერლებისა... იმართებოდა დისკუსიები, შეკრებები; საჯარო განხილვები ნაწარმოებებისა, სადაც ენობრივი პრობლემები იყო წინა პლანზე წამოწეული... უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები მწერლებთან მიდიოდნენ და იმათ უთანხმებდნენ ქართულ ენასთან დაკავშირებულ  საკითხებს... ასე იყო არცთუ შორეულ წარსულშიც... 1978 წლის 14 აპრილი გახსოვთ? იმჟამად მწერალთა კავშირში ჩატარებული კრება გახსოვთ? ხელნაწერების სახით რომ ვრცელდებოდა ნოდარ წულეისკირისა და აკაკი ბაქრაძის სიტყვები, ესეც გემახსოვრებათ...

     დიახ, ეს იყო მე-20 საუკუნეში... იმ საუკუნის გაკვეთილები ამ საუკუნისათვის... დღეს? 21-ე საუკუნეში?...

     საუბედუროდ, არც დღეს ულხინს დიდად ქართულ ენას... მაგრამ...

     „სად არიან მწერლები, მწერლები სად არიან?“

     P.S. ცოტა ადრე მწერალთა სახლის დარბაზში ილიასა და აკაკის სურათების დაბრუნების საკითხი დავსვი... განათლების სამინისტროშიც ჩამოხსნეს ილიასა და იაკობის სურათები („საქ. რესპუბლიკა“ N 119-120)... მაშინაც ამეკვიატა ეს პერიფრაზი: „სად არიან მწერლები, მწერლები სად არიან?“... ვერავის მივაწვდინე ხმა...

 

                                      გიორგი გოგოლაშვილი,

                               პროფესორი,  ი. გოგებაშვილის

                               საზოგადოების თავმჯდომარე

„საქართველოს რესპუბლიკა“, 8 დეკემბერი, 2021 წ., N 210

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner