საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თავიანთი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, დაამზადეს და გაასაღეს 60 000 ლარის ღირებულების 10 000 მ3 ქვიშა-ხრეშის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რის სანაცვლოდაც 25 000 ლარი მიიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.