logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
- +

9 დეკემბერი. 2021. 11:21

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დიდი მოცეკვავის, ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფისა და საქართველოს სახალხო არტისტის, ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი, კახა კალაძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თეა წულუკიანმა იუბილე მიულოცა ფრიდონ სულაბერიძეს და მადლობა გადაუხადა საზეიმო ღონისძიებაში მონაწილე ყველა შემსრულებელს.

„იმედია, მომავალშიც გვეყოლება ფრიდონ სულაბერიძის მსგავსი მოცეკვავეები, ვინაიდან იზრდება ახალგაზრდა თაობა, მაგრამ ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ, რომ ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი პატივის მიგება მოხდეს მათ სიცოცხლეშივე და შევძლოთ იმის თქმა, რომ მადლიერები ვართ იმ დიდი საქმისთვის, რაც მათ ქართული კულტურისთვის გასწიეს“, - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

 

ლეგენდარულ მოცეკვავეს საიუბილეო თარიღი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ სხვადასხვა თაობის მოცეკვავეებთან ერთად, ქორეოგრაფიული ნომრებით მიულოცეს ანსამბლებმა „სუხიშვილები“ და „ერისიონი“. კონცერტში ასევე  მონაწილეობდნენ ანსამბლები „ბასიანი“ და „ქართული ხმები“, დათო ევგენიძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, იანო ალიბეგაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი და ხელოვნების აკადემია „მართვეს“ აღსაზრდელები. საღამოზე ნაჩვენები იყო ფრიდონ სულაბერიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფილმი.

ფრიდონ სულაბერიძემ ქორეოგრაფიული მოღვაწეობა 1960 წლიდან დაიწყო და ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „სუხიშვილების“ წამყვანი სოლისტი გახდა, ხოლო 1975 წლიდან დღემდე იგი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფია. ფრიდონ სულაბერიძის ქორეოგრაფიული რეპერტუარიდან განსაკუთრებით გამორჩეულია მის მიერ შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში: „ქართული“ (რომლის მაღალპროფესიულად შესრულების გამოც მას ქართული ცეკვის რაინდს და ქართული ცეკვის მოცარტსაც კი უწოდებენ), „აჭარული“, „მოხეური“, „ძველი თბილისის სურათები“ და სხვა.   მოღვაწეობის მანძილზე, ფრიდონ სულაბერიძე საკონცერტო გასტროლებით 60-ზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდა და ქართულ კულტურულ სიმდიდრეს, ქართულ ნაციონალურ ცეკვებს უცხოელ მაყურებელს აცნობდა. ქორეოგრაფის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან 2011 წელს გაიხსნა.

 

 

ფრიდონ სულაბერიძის საიუბილეო საღამოს რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი გახლდათ, ღონისძიების წამყვანები კი მანიკა ასათიანი და ნიკოლოზ წულუკიძე. კულტურის სამინისტროსთან ერთად ღონისძიების მხარდამჭერი იყო  თბილისის მერია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner