აჭარაში მომუშავე ჟურნალისტები „ტვ25“ საინფორმაციო სამსახურის უფროს სულხან მესხიძეს სოლიდარობას უცხადებენ. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საჯარო განმარტებასა და შესაბამის რეაგირებას, ხოლო მათი აქტივისტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
ჟურნალისტების თქმით, მსგავსი ლექსიკისა და ღირებულებების მქონე პირს პოლიტიკურ სივრცესა და სამოქალაქო საზოგადოების ველზე ასპარეზი არ უნდა მიეცეს.
„TV25“, კერძოდ კი სულხან მესხიძე თავდასხმის ობიექტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან ქორწილში რეგულაციების დარღვევის ფაქტზე მომზადებული სიუჟეტის შემდეგ გახდა.
„ალტერნატივას“ ლიდერმა, სოციალურ ქსელში მესხიძის მისამართით დისკრიმინაციული და ღირსების შემლახველი განცხადებები გააკეთა.
„ჟურნალისტური საქმიანობის გამო თავდასხმა აჭარაში ბევრი გვინახავს, მათ შორის პირადი ცხოვრებით მანიპულირების ფაქტები და სოციალურ ქსელებში აგორებული, დაფინანსებული კამპანიები. არც ერთხელ, ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არ ყოფილა, არც პარტიული პასუხისმგებლობა გვინახავს და არც ინდივიდუალური. დღეს აჭარაში მომუშავე ჟურნალისტები კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით ჩვენი კოლეგის მიმართ გავრცელებული შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ინფორმაციის მოწმე. ამ ინფორმაციის გამავრცელებელი კი, „ენმ“-სთან დაკავშირებულ ორგანიზაციას წარმოადგენს და მის მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, პარტიის წევრებსა და აქტიურ მხარდამჭერებში მარტივი დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა იყოს მათთან ურთიერთობის საფუძველი. ასევე ვფიქრობთ, რომ მსგავსი ლექსიკის და ღირებულებების ადამიანს არც პოლიტიკურ სივრცეში და არც სამოქალაქო საზოგადოების ველზე ასპარეზი არ უნდა მიეცეს. ველით პარტიის მხრიდან ამ საკითხზე განმარტებას და რეაგირებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აჭარაში მომუშავე 50-მდე ჟურნალისტი აწერს ხელს.