საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში ბაგა-ბაღების ავტორიზაციის საკითხზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ახლა იწყება განათლების რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი აღზრდის დაბრუნებას განათლების სისტემაში.
„2016 წელს მიღებული კანონის საფუძველზე გაიწერა სტანდარტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ კერძო და საჯარო ბაგა-ბაღებმა ჰიგიენის, კვების, აღმზრდელ-პედაგოგების მიმართულებით. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ პროცესში აუცილებელი გახდა, გაგვეძლიერებინა მუნიციპალიტეტები მათი ცოდნითა და კომპეტენციით, რათა მათ შეეძლოთ ავტორიზაციის განხორციელება. ამისთვის ჩვენ შემოგვაქვს გარდამავალი პერიოდი, რომელიც მოიცავს 2022-2030 წლებს. ამ პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად და პუნქტობრივად გვაქვს გაწერილი თითოეული ნაბიჯი. ამ პერიოდში უნდა მოხდეს კერძო და საჯარო ბაგა-ბაღების აღრიცხვა ელექტრონულ სისტემაში. ამის შემდეგ ეს ბაგა-ბაღები მოახდენენ თვითშეფასებას, მათთვის ინდივიდუალურად გაიწერება ავტორიზაციის გავლის გზამკვლევი და განრიგი. ამის შემდეგ, 2025-2030 წლებში გაიცემა ავტორიზაცია“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.