„ვფიქრობ, მოვა დრო, როცა პოლიტიკოსების ახალი თაობა გამონახავს საერთო ენას, თუნდაც, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არსებობდეს პოლიტიკური პარტია, თუმცა, ამაშიც ეჭვი მეპარება, რადგან ის ლაქა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღემდე მოიტანა, გაუქრობელია და მას შავი ფერი არ აქვს, მას აქვს სისხლისფერი, ეს არის რეალობა და ამ რეალობიდან გამოსვლა არის ერთადერთი - სინანული, მონანიება, სასჯელის მიღება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი იდეით, ახალი თემით დაბრუნება და თუნდაც, შერიგებაზე საუბარი“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის იდეა შერიგების შესახებ „მოგონილი თემაა“, რომლითაც ახალი დღის წესრიგის შექმნას ცდილობს.
„რევოლუცია ვერ შედგა, სააკაშვილი აღმოჩნდა საკანში. ახლა შერიგების თემა შემოვიდა, თუმცა, ყველამ ვიცით, გეგმა რა იყო, რევოლუციას რა უნდა მოჰყოლოდა და მმართველობის როგორი სისტემა ჰქონდათ ამ ადამიანებს. მისი განცხადება არ შეიძლება მივიღოთ არც სერიოზულად და არც სამოქმედო საკითხად“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
6 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა მისი განცხადება, რომლითაც მმართველ გუნდს მიმართავს: „უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“.