logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: “რესპუბლიკური პარტია” პოლიტიკურ კულტურაში მოიკოჭლებს
- +

1 აგვისტო. 2016. 15:42


"რესპუბლიკურ პარტიას" გამოცდილება დიდი აქვს, თუმცა პოლიტიკურ კულტურაში მოიკოჭლებს", - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი "რესპუბლიკელი" ლიდერების ბრალდებებს, მათი პარტიის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების შესახებ.


ინტერპრესნიუსთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ  "რესპუბლიკურ პარტიაში" უფრო გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, ვიდრე ადეკვატური პოლიტიკური კულტურა აქვთ.

 

 გამოცდილება დიდი აქვთ, თუმცა პოლიტიკურ კულტურაში მოიკოჭლებენ, თუკი ეს საკითხი მათ ინტერესებს ეხება. ქალბატონი თინა ხიდაშელი ორი დღის წინ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მინისტრობიდან გაშვებას აღიქვამს, როგორც არადემოკრატიულს და ბოლშევიკურს. „რესპუბლიკელებს" პარტნიორობა წარმოუდგენიათ იმ ფორმით, თუ რა უნდათ მათ და ყოველთვის ცდილობენ, ეს პარტნიორობა იყოს მათთვის ვიწროპოლიტიკურად მომგებიანი.

 

თუკი ჩვენ გადავხედავთ მათ რეალურ ქმედებებს, მათი მხრიდან ამ პარტნიორობის ფორმატში არ წყდებოდა გაუაზრებელი, არაეთიკური, არაპარტნიორული და უხეში თავდასხმები", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით „რესპუბლიკელებმა" ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალონ.

 

"გავიხსენოთ დავით ზურაბიშვილი, ან თუნდაც ლევან ბერძენიშვილი, გაუთავებელი, უსაფუძვლო და არაეთიკური ბრალდებებით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, დიდი მადა ჰქონდათ ძალიან ბევრ რამეში.

 

შეეგუოს "რესპუბლიკური პარტია", რომ კოალიციის დატოვება მოუწიათ სწორედ მათი "ვითომპარტნიორული" ურთიერთობის გამო, მათ ეს თავად მოინდომეს, როგორც ჩანს. მათი საქმეები უფრო მეტად ამაზე მეტყველებს.

 

შეეგუონ იმ ფაქტს, რომ დიახ, ხელისუფლებაში არის მმართველი პოლიტიკური ძალა და ადგილობრივ დონეზე, თვითმმართველობები, დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, ვინ უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე და ვის რა პოზიციები უნდა ეკავოს.

 

ხელმძღვანელი იყოს ვინმე და უსაფუძვლო კრიტიკით ერთობოდეს, არ მგონია სახელმწიფოებრივი მიდგომა იყოს. ის, რა პოლიტიკური პროცესიც მიმდინარეობს, აბსოლუტურად ბუნებრივია და არ მოსწონთ „რესპუბლიკელებს?" - თავის თავს დააბრალონ და დააბრალონ იმას, რა პოლიტიკური ანტინარატივიც ჰქონდათ ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, არც თუ ისე ცუდი პოზიციები ეკავათ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

ხარაგაულის საკრებულოსფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" „რესპუბლიკელი" თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დააყენა. საკითხს კენჭი დღევანდელ სხდომაზე ეყარა, თუმცა არასაკმარისი ხმების გამო მაღრაძის გადაყენება ვერ მოხერხდა. „რესპუბლიკური პარტია" აღნიშნულის გამო ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner