დღეს, 1 აგვისტოს ცნობილი ქართველი პოეტის გრიგოლ აბაშიძის დაბადების დღეა. პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი და ესეისტი 1914 წლის 1 აგვისტოს ჭიათურის მახლობლად, სოფელ რგანში დაიბადა.
იგი გახლდათ ჟურნალ „ნიანგის" (1944-1951), „დროშის" (1951-1960) და „მნათობის" (1960-1967) რედაქტორი. 1967-1981 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი და თავმჯდომარე. რედაქტორობდა ანთოლოგიებს, ცალკეულ მნიშვნელოვან გამოცემებს. 1982-1994 წლებში ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს.
პოეზიამ გ. აბაშიძე ბავშობიდანვე გაიტაცა. ლექსების გამოქვეყნება სტუდენტობის წლებში დაიწყო, ხოლო პოემამ "შავ ქალაქის გაზაფხული" ოცი წლის პოეტს საყოველთაო აღიარება მოუტანა. პირველი ლექსები 1934 წელს გამოქვეყნდა, პირველი კრებული _ 1938 წელს, 1945 წელს დაიბეჭდა კრებული „დროშები", ხოლო 1948 წელს კრებული „ჯაჭვგაუხდელი". 1951 წელს ლექსების ციკლისათვის „სამხრეთის საზღვარზე" და პოემისათვის „სამგორის ველზე" პოეტს მიენიჭა სტალინური პრემია. მისი პოემებია: „ძლევის ქედი" (1943), „გიორგი VI" (1942), "ზარზმის ბრძანება" 1946), „ფიქრები ენგურის ხეობაში" (1973) და სხვა. აღსანიშნავია ლექსები: „განმეორდება!", „გაზაფხული", „სანაპიროზე სამი ფანჯარა", „ორი ტრიოლეტი", „ჯიგთახათუნი", „ოცნება უფლისწულისა" და სხვა. მისი ლექსების წამყვანი თემაა სამშობლო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი, ქართველი ხალხის მაღალი ჰუმანიზმი და პატრიოტიზმი. გრიგოლ აბაშიძის ისტორიული რომანები „ლაშარელა" (1957), „დიდი ღამე" (1963), „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება" (1975) წარმოსახავს ქართველი ხალხის ტრაგედიას XIII საუკუნის პირველ ნახევარში, როცა საქართველოს დიდი აღორძინება მონღოლთა ურდოების შემოსევამ შეწყვიტა. მისი შემდგომი რომანებია: „ყორნალი" (1967) და „სამძიმარი" (1984).
აღსანიშნავია მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა. თარგმნილი აქვს შანდორ პეტეფის, მიხაი ემინესკუს, ხრისტო ბოტევის, ნიზამი განჯელის და სხვა დიდი პოეტების ნაწარმოებები. ფრანგი პოეტის პიერ რონსარის თარგმანისათვის 1985 წელს პოეტს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. მწერალი ავტორია პოემების: „ლეგენდა თბილისის დამაარსებლებზე" და „მოგზაურობა სამ დროში". გრიგოლ აბაშიძე დიდი ერუდიციის ლიტერატორი და ფართო დიაპაზონის შემოქმედი იყო. ჟანრობრივი მრავალეროვნების მიუხედავად პოეზია მუდამ რჩებოდა მის უმთავრეს გატაცებად. მწერლის თხზულებები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.
იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), სოციალისტური შრომის გმირი (1974).
დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენებით. 1994 წელს დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით". 1994 წელს ლექსების უკანასკნელი კრებულისათვის „არყოფნისაკენ" გრიგოლ აბაშიძეს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ). 1984 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
გარდაიცვალა 1994 წლის 28 ივლისს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
წყარო: burusi.wordpress.com