logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი: ჰოდა, დედი, – ვეუბნები, – ნობელის პრემია მივიღე
- +

10 დეკემბერი. 2021. 22:34

 

 

ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ჰოდა, აქა ამბავი ჟურნალისტთა ნობელით დაჯილდოებისა

ჰოდა, წარმოვიდგინე, რა ბედნიერებაა, როცა ნობელის პრემიას მიიღებ და პირველი, ვისაც შეგიძლია ეს ამბავი ახარო, დედაშენია!

ჰოდა, თავისი სანობელე სიტყვა რუსული თავისუფალი მედიის ერთ-ერთი ფლაგმანის – „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა დმიტრი მურატოვმა ამ ამბით დაიწყო („ჰოდა“, ჩემი მიმატებულია):

ჰოდა, 8 ოქტომბერს მირეკავს დედაჩემი და, რა არის ახალიო, მეკითხება.

ჰოდა, დედი, – ვეუბნები, – ნობელის პრემია მივიღე.

ჰოდა, ეგ ძალიან კარგი და სხვა რა არის ახალიო?

ჰოდა, ახლა ყველაფერს მოგიყვები, დედაჩემოო, – ორი თვის შემდეგ უპასუხა ნორვეგიის მეფე-დედოფლის წინ მდგარმა მურატოვმა ოსლოს რატუშის მთავარი დარბაზიდან დედამისს და მართლა ისეთი ამბები მოუყვა, რომ მისი ეს სანობელე სიტყვა, ჩემი აზრით, კიდევ დიდხანს იქნება აზრთა ცხოველი აღებ-მიცემობის საგანი ჟურნალისტურ და არა მარტო ჟურნალისტურ წრეებში. დედამისს კი უყვებოდა, მაგრამ სინამდვილეში მთელ მსოფლიოს ელაპარაკებოდა, მეც, შენც, მასაც, ყველას... გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდივანსაც კი შეეხმიანა, როგორც ჩანს, შენი სიტყვა დაგავიწყდაო!

ჰოდა, ეს ცერემონია ორიოდე საათია, რაც დამთავრდა. მე ჩემი სტუდენტები ლექციიდან დავითხოვე, წადით, ახლა ეს ცერემონია იწყება და ჩემს ონლაინლექციას აჯობებს, ყველამ ერთად ვუყუროთ ლაივში იმ დაჯილდოებას-მეთქი.

ჰოდა, 2021 წლის ნობელის სამშვიდობო პრემია დმიტრი მურატოვთან ერთად მიენიჭა ფილიპინელ ჟურნალისტს მარია რესას – მედიაპლატფორმა „რეპლერის“ თანადამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს.

ჰოდა, როგორც ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ოფიციალურ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, მარია რესას და დმიტრი მურატოვს პრემიები მიენიჭათ „მათი ძალისხმევისათვის სიტყვის თავისუფლების დასაცავად, რაც უცილობელი პირობაა დემოკრატიისა და მტკიცე მშვიდობისათვის“.

ჰოდა, პრემიის თანხას – 10 მილიონ კრონას, რომელიც დაახლოებით მილიონ ორასი ათასი დოლარია, ნობელის კომიტეტი მათ შუაზე გაუყოფს. დმიტრი მურატოვმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ თავის წილ პრემიას ავადმყოფი ბავშვების დახმარებითა და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერ ფონდებში გადარიცხავს.

ჰოდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჟურნალისტთა ნობელის პრემიით დაჯილდოების ეს სულ მეორე შემთხვევაა გერმანელი პაციფისტის კარლ ფონ ოსეცკის შემდეგ, რომელსაც პრემია 1935 წელს მიენიჭა და რომელიც ფაშისტური გერმანიის ხელისუფლებამ არათუ ოსლოში არ გაუშვა პრემიის მისაღებად, სულაც საკონცენტრაციო ბანაკში ამოხადა სული 1938-ში.

ჰოდა, სულის ამოხდისა რა გითხრათ და, სულისშემძვრელი ამბები კი გაიხსენეს თავიანთ სანობელე ლექციებში მარია რესამ და დმიტრი მურატოვმა. ამათ დაემატა ნობელის სამშვიდობო პრემიის შარშანდელი ლაურეატის – გაეროს სასურსათო პროგრამის – გენერალური დირექტორის დევიდ ბიზლის ასევე სულისშემძვრელი ლექციაც. პანდემიური რეგულაციების გამო შარშან ბიზლის პრემია დამსწრეთა გარეშე გადასცეს, თუ არ ვცდები, იტალიაში და სანობელე სიტყვა მას არ წარმოუთქვამს. რეგულაციები წელსაც მკაცრად იყო დაცული – ოსლოს რატუშის ულამაზეს დარბაზში ლაურეატებიც, მეფე-დედოფალიც, სტუმრებიცა და მასპინძლებიც პირბადეებით ისხდნენ დაშორიშორებულები.

ჰოდა, სამი სანობელე ლექცია... ნეტა თუ გახდება ან ერთი, ან მეორე, ან მესამე ჩვენი მედიის განსჯისა და განხილვის საგანი? ნეტა თუ ითარგმნება რომელიმე მათგანი ქართულად? ყოველ შემთხვევაში, მე შევეცდები, ჩემი სტუდენტები ამ შთამბეჭდავ სიტყვებს გაეცნონ და კარგადაც გაიაზრონ.

ჰოდა, ისიც უნდა ვთქვა, რომ რაც ბოლო ათწლეულში ნობელის პრემიები ჩამოურიგეს მწერლებს, მათ ფონზე ამ ორი ჟურნალისტის დაჯილდოება გაცილებით სამართლიანი და არასაკამათო ჩანს.

ჰოდა, თითქმის ყველა მწერლის სანობელე ლექცია წამიკითხავს და, არ მახსენდება მათ შორის ისეთი ემოციური და ისეთი მძაფრი, როგორიც სიტყვის თავისუფლებისათვის მებრძოლი ამ ორი ჟურნალისტისა და შიმშილობასთან მებრძოლი ამ კაცის სანობელე სიტყვები იყო. როგორც ჩანს, სწორედ იმის გამო, რომ სინამდვილე მუდამ უფრო მძაფრია და დრამატული, ვიდრე რაგინდ დიდი მწერლის გამონაგონი.

ჰოდა, ეს პრემია ყველა თავისუფალ ჟურნალისტს ეკუთვნისო, – რესამ და მურატოვმა. თავისუფალსო!“- წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner