„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა,“ - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა „ბაზარი ორბელიანზე“ გახსნისას განაცხადა.
თბილისში ახლადგახსნილი, რეგიონის მასშტაბით უნიკალური კონცეფციის „ბაზარი ორბელიანზე“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსებით სარგებლობს.
პროექტის ფარგლებში დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან მოქმედ კოლმეურნეობის ბაზრის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. „ბაზარი ორბელიანზე“ 3 სართულზე, თანამედროვე ტიპის აგრარულ ბაზარსა და კვების სივრცეს აერთიანებს. უახლოეს მომავალში ბაზრის ტერიტორიაზე კულინარიული სკოლაც ამოქმედდება.
„ბაზარი ორბელიანზე“ იყო ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელმაც გამოიყენა ჩვენი ტურისტული სერვისების კომპონენტი. კერძოდ, ეს არის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და შემდეგ ამის ტურისტულ სერვისად გადაკეთება. ჩვენი სესხი მოიცავს 9 მილიონი ლარის თანადაფინანსებას სამი წლის განმავლობაში, რათა მეწარმეს საკრედიტო ტვირთი შეუმსუბუქდეს. მოხარულები ვართ, რომ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ყველასთვის ცნობილი შენობა ისევ გაცოცხლდა და ამაში სახელმწიფოს როლის ძალიან დიდია“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 18 მილიონ ლარს აღემატება. ინვესტიციის შედეგად 400 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რაოდენობის ზრდა უახლოეს ხანებში იგეგმება.