logo_geo
eng_logo
ტარიელ ხარხელაური დღეს 76 წლის გახდა
- +

11 დეკემბერი. 2021. 23:54

 

 

 „მივულოცოთ!

"სამშობლოვ ჩემო, პოეტი შენ ხარ, მე შენი ენით მოლაპარაკე"...

"დახურეთ ზეცა, ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ"...

"წუხელ მუხლებზე მეწვა სიკვდილი, და მე და ქარი ვჭირისუფლობდით"...

თანამედროვე საქართველოს გამოჩენილ პოეტს, საზოგადო მოღვაწეს, დიდებულ ადამიანს, ტარიელ ხარხელაურს ვულოცავთ დაბადების დღეს! 11 დეკემბერს პოეტს 76 წელი შეუსრულდა.

* ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარს და ყველას უყვარს...

* მიწისა და ლექსის კაცი...

* ვაჟასავით სუფთაა, ვაჟასავით ალალი

* „ლეგა ნისლების მესაიდუმლე”

ტარიელ ხარხელაური დაიბადა 1945 წელს თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. იყო მეცხვარე და წერდა ლექსებს სკოლის მოსწავლეობის პერიოდიდან. პირველად ლექსების გამოქვეყნებაში დაეხმარნენ მეუღლე, მარინა და კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე, რის შემდეგაც მისი პოეზია საქვეყნოდ გახდა ცნობილი. 1976 წელს, 30 წლის ასაკში, ჩააბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან საბუთები დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე გადაიტანა და ასე დაამთავრა უნივერისტეტი. პირველი კრებული 2004 წელს გამოვიდა. 2010 წელს პოეტს დიდი უბედურება დაატყდა თავს, 16 დეკემბერს მოკლეს მისი შვილი, 23 წლის ბექა, რამაც უმძიმესი სულიერი ტრავმა დაამჩნია პოეტს. ერთხანს დეპრესიამ იმძლავრა და გადაწყვიტა აღარ დაეწერა ლექსები, მაგრამ  ახლობლებმა გადააფიქრებინეს. თუმცა პოეტის შემოქმედებაში, ლექსებში, სევდა იგრძნობა, თითქოს ცდილობს გაარკვიოს სიკვდილის რაობა. ასე მიმართა მან ბექას: "როგორც ეტყობა - გაზაფხულს ისევ უშენოდ გავილევ, ალბათ, სწორია, სამყარომ ერთად ვერ გვზიდა ორივე. მე ვერ შემბედა, საწუთრო ვერანაირად მიმოკლა, გარს მივლის, მეფოლორცება, ჩამოტეხილ მხარს მილოკავს..."

თეონა ქუმსიაშვილის ტრაგედია ჯერ ისევ მოუშუშებელი იარაა. მისი ბოლო სიმღერა - "შენ ჩემო დიდო ტკივილო" - დაუვიწყარია. არადა, ასე ტკივილით სავსედ ნამღერი სიმღერის ლექსი ტარიელ ხარხელაურმა, თავის დროზე, თავის მომავალ მეუღლეს მიუძღვნა. "ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა" - ამბობს პოეტი.

პოეტი ამბობს:

- „ლექსის წერისას ყველა კომპონენტი უნდა მონაწილეობდეს, გული, გონება, ყნოსვაც კი“.

- რისი სუნი აქვს თქვენს ლექსებს?

- „იმ სამყაროსი, რაშიც ვცხოვრობ. თივის, წვირის, ყვავილის, მიწის, ქალის სურნელიც აქვს“...

დიდება უფალს, რომ ქართველებს გვყავს პოეტი ტარიელ ხარხლაური!

***

თურმე

თურმე,

შენც მოგნატრებივარ,

დღეს წამჩურჩულა ნიავმა,

გულს შემოერღვა ყინული,

გალხვა და გაიმზიანა...

ვაი, ამ მონატრებამა

რა ძაან დააგვიანა...

***

როგორც ეტყობა - გაზაფხულს...

როგორც ეტყობა - გაზაფხულს

ისევ უშენოდ მოვილევ,

ალბათ, სწორია, სამყარომ

ერთად ვერ გვზიდა ორივე.

მე ვერ შემბედა,

საწუთრო ვერანაირად მომიკლა,

გარს მივლის, მეფოლორცება,

ჩამოტეხილ მხარს მილოკავს.

გულს ვერც ეს ფოლორცი ალბობს,

ვერც მზის მალული ცინება,

დღეს ან ხვალ, იცის ტიალმა,

უშენოდ მომეწყინება.

ბარგს შევკრავ, ვიცი,

გრიგალი მალულად გაიქილიკებს,

ერთხელღა ამოვიბღავლებ,

მერე შენს ნავალ ბილიკებს

მოვძებნი, გულში ჩავიხვევ -

ნისლივით დავეწურები,

ქარი ჩემს საფლავს წააყრის

მტვერს შენი ნაფეხურების.

როგორც ეტყობა - გაზაფხულს

ისევ უშენოდ მოვილევ,

ალბათ სწორია სამყარო...

ერთად ვერ გვზიდა ორივე!

***

მე აგარიდე ფეხი, გვირილავ,

წამოგიქროლა, ქარმა გაგთელა,

რა იოლია სხვისი ტკივილი,

რა ადვილია სხვისთვის სათქმელად!

***

მთებზე აენთო,აბრწყინდა

ახლად დასხმული ცვარიო,

ყაყაჩოთა ცეცხლს გამოჰრევს

შიშველი წვივით ქალიო,

დავდუმდი,შტერად დავდექი,

ვერ დავიბრმავე თვალიო:

თუ რამ შეგცოდე,უფალო,

არაა ჩემი ბრალიო!

***

დახურეთ ზეცა!

დახურეთ ზეცა!

ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ...

მოსწიეთ მთვარე,

მოსაყრელად დამიდგით მუხლის

და თქვენ ქარებო,

ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,

რომ ჩემმა გმინვამ

გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.

სულნო შეშლილნო,

ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,

რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით

იგრძნოს სამყარომ...

გადამიტანეთ -

მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,

მიწას ცხელ მკერდზე

სიყვარულად გამოაყაროს.

***

შენ ჩემო დიდო ტკივილო...

შენ ჩემო დიდო ტკივილო,

დილაო - ავდრიანაო.

ძლივს აჩენილო ღიმილო,

ღიმილო - დარდიანაო.

შენ რომ ფიქრობდი, არც აგრე...

რომ ვფიქრობ, აგრეც არაო...

ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ,

მეც შენთან მაბრიალაო.

მე თუ არ მეტრფის - დაიწვას

თვალები - ნაღვლიანაო.

შენ, ჩემო დიდო ტკივილო,

დილაო - ავდრიანაო.

***

ბექას...

წვიმის წვეთებში შენს თვალებს ვეძებ,

რა გინდა, შვილო, ამ მწვანე გზებზე.?!

შენ უნდა ცათა ბილიკებს აჰყვე,

აქ ქარი –

ქარი ყველაფერს არყევს.

შენს სულს ცის ლურჯი ფერი უხდება,

მიწა დასცდის და შემოწუხდება.

ცისკენ,

ჰო, ცისკენ ფრენა ისწავლე –

მიწას ბევრი აქვს წვა და სიმწარე.

ხედავ ჩემს სახეს – როგორ დაღარა?!

ხედავ ჩემს თვალებს – როგორ აღამებს?!.

როგორ დამდრიკა დაუდრეკელი,

ჩამომიზოლა შუბლის კედელი …

მე მიწა ვარ და – მიწა ვერ დავთმე…

შენ, შვილო, ცისთვის გიმზადებ საფრენს!..

იქ მზე თავისთან გიყოლებს ახლო,

მზე იყოს შენი საყდარი – სახლი.

***

ჩემს მეუღლეს და ყოველ ქართვლის დედას, რომელთათვის –

“სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა”

მამაკაცებში გადასახლდა დედათა

სული –

დედაკაცებში მამაკაცთა სული

ჩასახლდა,

ჩრდილი მოადგა, თალხი ჩრდილი

სიცოცხლის სურვილს,

ბნელ ხეობაში მიტოვებულს ვგავარ

ნასახლარს.

ვეღარც გადაღრღნილს ვიბაგუნებ

მარჯვენას მკერდზე,

თავი მოვიკლა – არ მიტოვებს დრო

სხვა არჩევანს,

ქართვლის დედებო! –

საქართველო შეიდგით მხრებზე –

რადგან კაცებმა უარი ვთქვით

გადასარჩენად…

თანდათან ლღვება წარსული და

წარსულის ხიბლი,

უბერავს ქარი და ნისლებში

განქარდა მოთქმა,

ვერც საიმედოს სახვალიოდ

ვერ ვამჩნევ ირგვლივ,

ვაგლახ ჩვენს შვილებს –

უწარსულოდ მოუწევთ ყოფნა…

კვლავ ცივი სისხლი გადამივლის

დაფლეთილ გულზე,

ხავსი მოედო, სისხლის ბორგვა

ძალზე მდორეა,

თვალცრემლიანი ჩემს ჩამოღლილ

სამშობლოს ვუმზერ

და ჩემი თავი გარდაცვლილი უკვე

მგონია.

ვდგავარ ჩემსავე დაყვითლებულთ

ვცახცახებ ძვლებზე,

დამბლადაცემულს შემითრთოლებს ქარი მარჯვენას,

ქართვლის დედებო! –

საქართველო შეიდგით მხრებზე,

თორემ კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად…რადგან კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად.

***

(მის უწმინდესობას საქართველოს პატრიარქს

ილია მეორეს)

ბრძანე, მოძღვარო, გონებავ ერის,

უნდა ვდუმდეთ და უნდა ვიფრთხილოთ?

სულებს გვირყვნის და გვიწამლავს მტერი,

ვითმინოთ?!

როცა ჩვენს თვალწინ წმინდანებს

რყვნიან,

უწმინდეს შუბლებს ფურთხით ბილწავენ,

თუ შენთვის მკერდს არ მივუშვერ ტყვიას,

სამშობლოვ, ხატად რისთვის გიწამე.

ბრძანე, მოძღვარო, დღეს ერის გული

შენს გონებაზე მიბმული ფეთქავს.

ბრძანე, მოძღვარო, გაიმცვრა სული,

დაავადა შიშმა და კეთრმა.

ბრძანე, მოძღვარო, ნათელს, ისეც მწირს

შემოაძარცვეს კალთა ქარებმა,

ბრძანე, მოძღვარო, სისხლი სისხლის წილ,

დავუდოთ ზღვარი ამ მოკრძალებას!

თორემ სამშობლოს თავზე გვაქცევენ,

სამშობლოს ჩვენსას – უფლის მშვენებას,

აღარ უშველის მერე არც ცრემლი

ჩვენს აღდგომას და აღმოცენებას.

ბრძანე, მოძღვარო,ვგავარ საძვალეს

და ყველა ნერვი არის გამწყდარი,

მოძღვარო, დროშა გამოაბრძანე,

საქართველოსთვის ლოცვით დაგვძარი!

ბრძანე, ბრძენკაცო,ჯერ კიდევ დროა,

ვიდრე ძარღვებში სისხლი მოძრაობს,

ვიდრემდის ცრემლებს სისიხლის გემო აქვთ,

ვიდრე სიკვდილი გვილხინს,მოძღვარო!

ვიდრე ქართულ ჯიშს აქცევენ არცრად,

გადაუჭერენ მკერდზე არტახებს,

მთლად ეს სამყარო ქცეულა ნაცრად,

თუ საქართველო ამიპარტახეს.“- წერს ამირან ბუთურიშვილი

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner