პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ის ვითარება, რომელიც როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო, ასევე თავად საკონსტიტუციო სასამართლოში შეიქმნა, ძალიან შემაშფოთებელია.
როგორც მან „ინფო 9"-ს განუცხადა, ვითარება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ფაქტობრივად ორ ჯგუფად გაიყო და ერთმანეთისა და სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ პრეტენზიები აქვთ, მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოში ყველაფერი კარგად არ არის.
„საკონსტიტუციო სასამართლო არის ორგანო, რომელიც რიგ საკითხებს სრული შემადგენლობით იღებს, ხოლო რიგ საკითხებს ოთხ-ოთხი მოსამართლე განიხილავს. შესაძლებელია რიგი საკითხების მიმართ პრეტენზიები არსებობდეს, მაგრამ იმიტომაც არის ეს სასამართლო კოლეგიალური, რომ საკითხები კოლეგიურად, ანუ კენჭისყრით გადაწყვიტონ", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მისივე თქმით, როდესაც პრეტენზიების შესახებ საჯაროდ იწყება საუბარი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოში სხვა პრეტენზიებიც არსებობს.
ხმალაძის მტკიცებით, მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში ზოგიერთი სარჩელის განხილვა ძალიან ადრე იწყებოდა და ზოგჯერ, სარჩელის განხილვისთვის მოსამზადებლად დრო პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სხვადასხვა ტიპის სარჩელებზე მიკერძოებული მიდგომა არსებობს.
„თავისთავად, ასეთი ეჭვი ძალიან ცუდია და საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიოტეტს ზიანს აყენებს, ამცირებს ნდობას მისი გადაწყვეტილებების მიმართ, რაც ძალიან სახიფათოა, რადგან ეს ის სახელმწიფო ინსტიტუტია, რომლის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არსად არ საჩივრდება. ამიტომ, ყველამ - პირველ რიგში, ხელისუფლებამ და თავად მოსამართლეებმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ ეჭვი არ ჩნდებოდეს. უნდა იმოქმედონ კანონის სრული სკრუპულოზური დაცვით. ეს ეხება საქმეთა განხილვის რიგითობასაც. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს რა საკითხები განიხილება რიგგარეშე. დანარჩენი საქმეები კი, უნდა იქნას განხილული რიგითობის მიხედვით", - განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.
მისივე თქმით, საქმეთა დაჩქარებულად განხილვა ყოველთვის იწვევს ეჭვს თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ დროს შესაძლოა, სასამართლოს გადაწყვეტილება სიღრმისეულად და ყოველმხრივ ვერ მომზადდეს.
„ამიტომ, სიჩქარე ყოველთვის არ არის სასარგებლო. რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილებები მოსამართლეებმა უნდა მიიღონ, როგორ აკეთონ და რა ვადებში. ეს უნდა წყდებოდეს ყოველთვის კოლეგიურად და არა სასამართლოს ან კოლეგიის თავმჯდომარის მიერ", - აღნიშნა ხმალაძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეების ზეწოლის შესახებ განცხადებას აკეთებს, ამ დროს კი, პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომ არც ერთმა მოსამართლემ თავის მიმართ ზეწოლა არ დაადასტურა.
„ან ერთგან არის ტყული, ან მეორეგან. ესეც ამცირებს ნდობის ხარიხს", - განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.