logo_geo
eng_logo
თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალზე, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულებს დააჯილდოებენ
- +

12 დეკემბერი. 2021. 13:32

 

 

დღეს, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებულ თბილისის საბავშვო წიგნის პირველ ფესტივალზე, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

 

„ნაკადულის“ ოთხ ნომინაციაზე წარდგენილია 2020 წელს გამოცემული 13 წიგნი, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს, საუკეთესო პროზაული, პოეტური, ილუსტრირებული და საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნის ნომინაციებში გამოავლენენ.

 

გასული წლის საუკეთესო წიგნებს სპეციალურად შერჩეული ჟიური დაასახელებს. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული პრიზსა და 2500-ლარიან ფულად პრემიას მიიღებს.

 

პრემია „ნაკადულის“ მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

 

სპეციალურად საბავშვო წიგნის ფესტივალსა და „ნაკადულის“ დაჯილდოებაზე დასასწრებად, თბილისს ეწვია ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საბავშვო წიგნისა და ილუსტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰენდრიკ ჰელიგე. იგი მოწვეული ექსპერტის სტატუსით დააკვირდება კონკურსის მსვლელობას და გასცემს რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოში საბავშვო ილუსტრაციის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

11-12 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში მიმდინარე თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალში, მონაწილეობს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე მკითხველს ფასდაკლებებს სთავაზობენ. წიგნების გარდა, შესაძლებელი იქნება სათამაშოებისა და სხვადასხვა გასართობ-საგანმანათლებლო პროდუქციის შეძენაც.

 

ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებს წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული ელით: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა, ზღაპრების კითხვა, კონცერტი და სხვა.

 

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

 

ცერემონია 18:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner