logo_geo
eng_logo
მამა მეტრე კვარაცხელია: მისი პირველი შვილის სიკვდილის ამბავს თუ მეზობლის სახლში მოისმენდა, ვერასდროს წარმოიდგენდა…
- +

13 დეკემბერი. 2021. 01:24

 

 

მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„შვილის სიკვდილს უმალავდნენ…

შეიკრიბა სამეზობლო და ბჭობდნენ, როგორ უნდა ეთქვათ, ეს შემზარავი ამბავი…  შორიდან ყური მოკრა ჩოჩქოლს, არ გამორჩენია ზედმეტი მოძრაობები, დაძაბული საუბრები. გულმა არ მოუთმინა, ნახევრად წაქცეული ხის კარი შეაღო და მეზობლის სახლისკენ ნერვიული ნაბიჯებით გაეშურა… გრძნობდა, რომ რაღაც რიგზე  ვერ იყო… გულში იმას ნატრობდა, ნეტავ სიკვდილი აცდეს ამ საახალწლოდ ყველას ოჯახს, დანარჩენს რამენაირად გავუძლებთო…

შორიდან შეამჩნიეს თუ არა, შეძლებისდაგვარად გაჩუმდნენ. შეიძლება პირი მოკუმო, მაგრამ ემოციას,  ცრემლებში ჩამხრჩვალ თვალებს ვერ დამალავ, თავისით ყვება სათქმელს…

ყველაფერს წარმოიდგენდა, ყველაფერს გაიკარებდა გულთან ახლოს, მაგრამ მისი პირველი შვილის სიკვდილის ამბავს თუ მეზობლის სახლში მოისმენდა, ვერასდროს წარმოიდგენდა…

არადა, დარწმუნებული იყო, რომ საახალწლოდ მისი მონატრებული ვაჟი კარს შემოაღებდა და ძველებური შეძახილებით ააწრიალებდა ოჯახს…

ათამდე მამაკაცი იჭერდა, ძლივს ერეოდნენ, რომ ცხელ გულზე რამე უბედურება არ ჩაედინა… საკუთარ თავს დიდად ვერც იდარდებდა, სახლში ცოლი ელოდა, რომელიც დილიდან შეშინებული უმეორებდა ქმარს, ცალი თვალი ისე ცუდად მითამაშებს, რამე ცუდი არ მოხდესო… ჰოდა, ცა ჩამოექცათ… როგორ უნდა მიეტანა ოჯახში ამბავი, რომ დასრულდა მათთვის სამუდამოდ საახალწლო ზეიმები…

ქალმა შეიძლება ბევრი იტიროს და არც გაგიკვირდეს, კაცის უხერხული, მაგრამ ერთი ტკივილიანი ამოძახილი მტერიც რომ იყო, გულს გაგიხეთქავს…

მესამე დღეს ჩამოასვენეს…

სამი ღამე მშობლებთან ერთად არც ნათესავებს ეძინათ, არც მეზობლებს…

შობამდე სამი დღით ადრე უკანასკნელად ,,ესტუმრა” ოჯახს უფროსი შვილი…

დილის ექვსი საათი იყო, მთელი უბანი მოთქვამდა…

მაშინ ახალგაზრდები ასე ადვილად არ კვდებოდნენ და ეს ერთი ოჯახის არა, მთელი ქალაქის ტრაგედია იყო…

არ მოიძებნენოდა სიტყვა, რომელიც ვინმეს ნუგეშს მოუტანდა…

მიცვალებულის მამას მეზობლები მეოთხე  ღამეს ძილს და დასვენებას აძალებდნენ…

ცოტა ძალა უნდა მოიკრიბო, სახლში შვილი ბოლოჯერ გეწვია და უკანასკნელ გზაზე ღირსეულად გავაცილოთო…

თითქოს დაიჯერა და საძინებელში შეაცილეს…

ჰო, დაისვენა… მეორე დილით აღვიძებდნენ, მაგრამ ისე ღრმად ჩასძინებია, მისი პირველი  ვაჟის სტუმრობამაც  ვერ გამოაღვიძა“, - წერს მამა პეტრე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner