„საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სურვილი თუ ექნებათ და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ეს საკითხის გადაწყვეტას მოაახლოებს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის.
„ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის. საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სურვილი თუ ექნებათ და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ეს საკითხის გადაწყვეტას მოაახლოებს. ნატო-მ დაარსების დღიდან ნათლად აჩვენა, რომ მისი კარი ღია იქნება ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის წევრობისკენ და დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს“, – აღნიშნა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში სასწორზე დევს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც საერთაშორისო წესებია, რომელთა მიხედვით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს სხვა ქვეყნის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის უფლება და არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უბრძანოს სხვა ქვეყანას საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.
ბლინკენის განცხადებით, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა შექმნას გავლენის სფეროები სხვა ქვეყნების ხარჯზე.