„დიდი პოლიტიკური შერიგების“ ახალი ფორმატების შეთავაზების ნაცვლად, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინოს. როგორც სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, შერიგებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც „ნაცმოძრაობა“ ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.
„თუ ვინმეს რეალურად სურს, რომ შერიგებისკენ, მეტი დიალოგისკენ და კომუნიკაციისკენ წაიყვანოს დაპირისპირებული მხარეები და მეტი იზრუნოს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისთვის, ამისთვის, აუცილებელია არა რაღაც ახალი ფორმატების გამოგონება და ვინმესთვის ცოტა უცნაური და უხერხული ფორმების შეთავაზება, არამედ, მნიშვნელოვანია, რომ იმავე პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ინიციატივებს აყენებენ, მეტი კონსტრუქციულობა გამოავლინონ საზოგადოების წინაშე“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება.